„გამაოგნებელი იყო თქვენი ქცევა და რეაქცია. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი – ნამდვილი მეგობარი ჩვენი ქვეყნის და თქვენი, ქართველი ხალხის – კაცი ჩამოვიდა კონკრეტული მესიჯით, გზავნილით ბრიუსელიდან და ვნახეთ, როგორ თავს დაესხა მთელი დესტრუქციული ოპოზიცია, რადიკალური ფორმით და გამოხატვით და როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანს, რომელმაც ჩამოიტანა პოზიტიური გზავნილი და პოზიტიური შეფასება გააკეთა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკომისარი გაფართოების და სამეზობლო საკითხებში არ არის უბრალოდ ევროპარლამენტარი ან რიგითი ბიუროკრატი, – ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი.

“ამაზე მეტი მტკიცებულება რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას?! არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ხალხი ჩვეულებრივი დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსილნი… საშინელებაა, და ამ დროს რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას. მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1 და 2%-ს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას?! გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორად. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს?! თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს?! თქვენს მტრობას და ეროვნული ინტერესების ღალატს ვინ დაუჭერს მხარს?! ამაზე გაეცით პასუხი ხალხს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება