„ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და, საერთოდ, იმ სკანდალმა, რაც ეხება კორუფციას, საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება (და ის არ არის ერთადერთი) ეჭვს იწვევს ზოგადად, ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და, გარკვეულწილად, ლოგიკიდან გამომდინარეც”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილზე ანა ფოტიგას განცხადებასთან დაკავშირებით.

„ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს, ერთი მხრივ, გამოძიების და, მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„მე არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ პასუხისმგებლობას ადამიანისა, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი, ადამიანები, ჯარისკაცების ცხედრები და რომელიც დღეს თქვენ გაფინანსებთ. არ ვიცი, ერთმანეთთან თუ უკავშირებთ ამ ყველაფერს. ჩვენც ვაკვირდებით ყოველდღიურად (მის მდგომარეობას). მთავარი თემა უნდა გამომდინარეობდეს არა მარტო ლოგიკიდან, არამედ საექსპერტო დასკვნებიდან.

სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით მისი თანაპარტიელები და რადიკალური ოპოზიცია პოლიტიკურ ველზე პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება თვალს უსწორებს. არსებობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელიც სრულფასოვნად ემსახურება პატიმრებს, მათ შორის, სააკაშვილს. სააკაშვილი კიდევ ვალდებულია, მიიღოს მკურნალობის ის დანიშნულება, რომელიც არის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მიერ აუცილებლად მიჩნეული. ეს არის ფაქტი. არსებობს მკურნალობის პროცედურა და კვების გარკვეული რაციონი, რომელსაც უნდა იღებდეს პატიმარი სააკაშვილი. ამის იქით დასკვნები წაიკითხეთ. არ მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ამდენი უნდა ილაპარაკონ ჯანმრთელობის ექსპერტების სანაცვლოდ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება