“ევროპარლამენტმა დიდი ზიანი მიაყენა ევროპას. ის მას უგზავნის ცრუ გზავნილებს, თითქოს წარმოადგენს ევროპელი ხალხის ინტერესებს”, – ამ სიტყვებით მიმართა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, პროფესორმა რიჩარდ ლეგუტკომ ევროპარლამენტის დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და მონაწილეებს.
ლეგუტკოს შეფასებით, დღევანდელი ევროპარლამენტი იმ კვაზიპარლამენტს დაემსგავსა, რომელიც მილიონობით ამომრჩევლსაა დაშორებული.
ის ევროპარლამენტს დემოკრატიას უწუნებს და აცხადებს, რომ პარლამენტი წარმოადგენს ხალხს, რომელიც არ არსებობს, და მუშაობს პროექტზე, რომელიც იგნორირებას უკეთებს რეალობას და კანონს; ერიდება ანგარიშვალდებულებას, ზურგს აქცევს მილიონობით ადამიანს და ემსახურება ერთი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ინტერესებს.
„არ არსებობს და არც იქნება ევროპული დემოკრატია. პარლამენტმა ევროპა უსირცხვილო პარტიულობით დააინფიცირა და ინფექცია იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ გავრცელდა სხვა ინსტიტუტებშიც, როგორიცაა, მაგალითად, ევროკომისია.
პარლამენტმა უარი თქვა ხალხის წარმომადგენლობის ძირითად ფუნქციაზე. სამაგიეროდ, ის იქცა ე.წ. ევროპული პროექტის განხორციელების მანქანად, რითაც მილიონობით ამომრჩეველს განეშორა. პარლამენტი იქცა მემარცხენეების პოლიტიკურ მანქანად, რათა დაამყარონ თავიანთი მონოპოლია ნებისმიერი განსხვავებული შეხედულების მიმართ მათი სასტიკი შეუწყნარებლობით. რამდენჯერაც არ უნდა გავიმეოროთ სიტყვა “მრავალფეროვნება” – მრავალფეროვნება გადაშენებულ სახეობად იქცა ევროკავშირში და, განსაკუთრებით, ამ დარბაზში.
ეს პარლამენტი არის კვაზიპარლამენტი, რადგან ის უარყოფს პარლამენტარიზმის არსებით პრინციპს, კერძოდ, ანგარიშვალდებულებას.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ამომრჩევლის მიერ არის არჩეული და ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმ ამომრჩევლის წინაშე, ვინც ის აირჩია. თუმცა, ევროკავშირში ასე არ ხდება. იდეა, რომ, ვთქვათ, ესპანელმა, გერმანელმა, ფრანგმა და ა.შ. დეპუტატებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ეროვნული ამომრჩევლების წინაშე, შეუძლიათ რაღაც უკარნახონ, ვთქვათ, უნგრეთის საზოგადოებას ან ნებისმიერ სხვა საზოგადოებას, რომლის წინაშეც პასუხისმგებელნი არ არიან და ისინი ვერც მოსთხოვენ მათ ამ პასუხისმგებლობას, უბრალოდ, უაზრო ამოცანას წარმოადგენს.
და ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ამით მე ჩემს სიტყვას ვასრულებ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.