“2012 წლიდან მოყოლებული, ევროპარლამენტში არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი – დასაჯონ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლებაში დააბრუნონ მიხეილ სააკაშვილი. მიზეზი, საბაბი, შეიძლება, იყოს სხვადასხვა, მაგრამ არსი ყოველთვის არის ერთი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას.
მისი თქმით, ამ ყველაფერს ხედავს ქართველი ხალხი და, სწორედ ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებებზე რეაქცია არ აქვთ.
„სინამდვილეში, ეს არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია. მათი მიზანია ბიძინა ივანიშვილის დასჯა, რადგან მან, ქართველ ხალხთან ერთად, მიხეილ სააკაშვილი ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება.
გუშინ ჩვენ ევროპარლამენტში ვიხილეთ დებატები, რომელიც, თავისი არსით, დაცლილი იყო ევროპისგან, ვინაიდან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო, რათა გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა. ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო, რათა გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ განხორციელებულიყო პირდაპირი შეტევა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს არის, რაც ვიხილეთ გუშინ და სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავ, რომ არის ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც სააკაშვილთან საკუთარ მეგობრობას ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს.
გუშინ, იმის პარალელურად, რაც ევროპარლამენტში ამ ჯგუფის მხრიდან ხდებოდა, ევროპულმა საბჭომ მიიღო ანგარიში. მასში ხაზგასმით აღინიშნა პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო თვეების განმავლობაში განიცადა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ამიტომ სხვაობა არის როგორც ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, ისე იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლებიც არიან ჯგუფის წევრები. რაც შეეხება სხვაობას ამ ჯგუფსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დედაქალაქს შორის, ისეთივე სხვაობაა, როგორც ცა და დედამიწა. ამ პოლიტიკოსებს ევროპულ პოლიტიკასთან, სამწუხაროდ, არანაირი კავშირი არ აქვთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.