“ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ევროკავშირი ფუნდამენტურ ღირებულებით კრიზისს განიცდის და მისი სტრუქტურები არა ევროკავშირის ობიექტური ინტერესების, არამედ სრულიად სხვა ძალების კარნახით მოქმედებენ”, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
“ერთმა სანდო კაცმა მითხრა, რომ ევროპული აგენტოკრატიის ცნობილ წარმომადგენელს, ანდრიუს კუბილიუსს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ალალად განუცხადებია, ევროპა რამდენჯერაც დამოუკიდებელი იყო, ყოველ ჯერზე პრობლემებში გაეხვა და მაინც ამერიკელების დასახმარებელი გახდა და ამდენად, ევროპას ამერიკის შეერთებული შტატებისგან სტრატეგიული დამოუკიდებლობა არ ჭირდებაო.
ამ ფრაზით, კუბილიუსმა დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ – ევროპას არათუ სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღარ აქვს, არამედ მას ამბიციაც კი აღარ დარჩა, თავს მოხვეული აგენტოკრატია დაამარცხოს და სტრატეგიული დამოუკიდებლობა აღიდგინოს.
ევროპას სტრატეგიული პრობლემა მეორე მსოფლიო ომმა შეუქმნა, რომლის შემდეგაც ომით დანგრეულ კონტინენტზე აგენტოკრატიის პირველი ძლიერი კონტურები გამოიკვეთა. სწორედ ევროპის სტრატეგიულ გამოწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა, თავის დროზე, ევროკავშირი, რომელმაც, არსებობის გარკვეულ ეტაპზე, ევროპას მნიშვნელოვანი სტრატეგიული წინსვლა მოუტანა. 2001 წელს ევროკავშირის ეკონომიკა ამერიკულ ეკონომიკას დაახლოებით 3 ტრილიონ დოლარზე მეტით ჩამორჩებოდა, თუმცა, 2002-2008 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და მან ამერიკისას თითქმის 2 ტრილიონით გადაასწრო. იმავე პერიოდში, ევროკავშირი გეოგრაფიულადაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რამაც მას საერთაშორისო პოლიტიკური პოზიციებიც დამატებით გაუმყარა. იმავე პერიოდში, ჩამოყალიბდა ევროკავშირისთვის მომგებიანი ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, საიდანაც ევროკავშირს იაფ ბუნებრივ რესურსებზე დაუბრკოლებელი წვდომა ჰქონდა, ეს კი ევროპული მრეწველობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანგელა მერკელის, გორდონ ბრაუნისა და ნიკოლა სარკოზის ლიდერობის პირობებში, გერმანიაც გერმანიას ჰგავდა, დიდი ბრიტანეთიც – დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთიც – საფრანგეთს.
რომ შევაჯამოთ, 2008 წლამდე ევროკავშირმა სტრატეგიული პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური სიძლიერის თვალსაზრისით, პოზიციები არსებითად გაიმყარა. შესაბამისად, ევროპის სახით, ამერიკას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენტი გაუჩნდა, რაც ამ უკანასკნელისთვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდა.
2008 წლიდან, ევროპის საქმე სრულიად საპირისპირო მიმართულებით წავიდა, რაშიც გადამწვეტი წვლილი, ბუნებრივია, აგენტოკრატიის ოკეანისგაღმელ უფროსებს მიუძღვით. ძველი ქართული გამონათქვამის მიხედვით, გაჟეჟილს გატეხილი ჯობია. სამწუხაროდ, ევროკავშირი გაჟეჟილი ინსტიტუტია იმ გაგებით, რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციაა და არც სახელმწიფო. ჰიბრიდული ბუნების გათვალისწინებით, ევროკავშირს არა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი რამდენიმე სასიცოცხლო ელემენტი, მათ შორის, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეცსამსახურები და ეროვნული თავდაცვის სისტემა. ასეთ პირობებში, ევროკავშირი უკიდურესად მოწყვლადია გარე საფრთხეების მიმართ, რამაც ის თანამედროვე სამყაროში ყველაზე მსხვილ აგენტოკრატიად აქცია. ამ პირობებში, სამწუხაროდ, ევროპელი „ლიდერების“ ხელითვე ხდება ევროკავშირის განადგურება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით”, – წერს ფილოსოფოსი.