„ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი. მთელმა მსოფლიომ იცის. პირდაპირ კონგრესში და სენატში საუბრობენ ამაზე. ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნესპარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები. დაანებეთ ამ კაცსაც თავი. თუ ხიდაშელიც არის  ბაიდენის ბიზნესპარტნიორი, ეს მისი საქმეა, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ? რატომ უნდა გავცეთ ამ კითხვებს პასუხი?“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მას არანაირი პრობლემა არ აქვს, თუ დავით ხიდაშელი ბაიდენის ბიზნესპარტნიორია.

„მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, თავის დროზე, კონსტიტუციაშიც კი გავაკეთეთ შესაბამისი ჩანაწერი. ბუნებრივია, ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. 

ევტუშენკოვი მუდმივად გინდათ გამოიყენოთ სპეკულირებისთვის. ეს კაცი არის ჯო ბაიდენის ოფიციალური ბიზნესპარტნიორი და ამის გამო ამერიკამ ოფიციალურად არ დაუწესა სანქციები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხიდაშელი დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„რა შუაშია ან ხიდაშელი, ან ბაიდენი, ან ევტუშენკოვი? ჩვეულებრივად, სამართლებრივად როგორც არის ეს გათვალისწინებული, გამოცხადდება შესაბამისი პროცედურები, იქნება ეს ტენდერი თუ რაც ჰქვია და ამის საფუძველზე მოიძებნება ინვესტორი. არც ერთი გვარი ამასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება