,,საოცრება ის არის, რომ ამ ქვეყანაში რიგით მეორე პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვერ მოახერხა, რომ სამი თუ ოთხი კანდიდატიდან ერთი მაინც არ ჰყოლოდა კომიკური ფიგურა. ხომ გახსოვთ მითები იმის შესახებ, რომ „ნაცები“ კი, შეიძლება ბოროტები იყვნენ, ცუდი საქმეები აკეთეს, მაგრამ პროფესიონალები არიან? სულ მითია’’, – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ შემდავებელი არ ჰყავდა; მათ დროს ქვეყანაში არ არსებობდა ტელევიზია, რომელიც შეეკამათებოდა.
„დაბეჯითებით, დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ექვსი თვე „ნაცმოძრაობა“ ვერ გაძლებდა ხელისუფლებაში, დღეს როგორი კონკურენციაც არის მედია ბაზარზე. შემკამათებელი არ ჰყავდათ და აჩენდნენ ასე, ცალმხრივად, მარტო ერთ ინფორმაციას. აჩენდნენ ისე, რომ “კი, შეიძლება, ბოროტები ვართ, ცუდები ვართ, ხალხს ვკლავთ, ვაუპატიურებთ, მაგრამ საქმე ვიცით, პროფესიონალები ვართ”. აი, ეს მითი იყო. ეს მითი ინგრევა დღეს.
წარმოიდგინეთ, როგორი ოდიოზური და კომიკური ფიგურები ჰყავთ სამივე თუ ოთხივე კანდიდატად. დაზეპირებული აქვთ სლოგანებივით ზოგადი მესიჯები, – რომ იქ ცუდად არის საქმე, აქ – ეკონომიკა ჩამოინგრა, იქ – რუსეთუმეები… რაღაც ფრაზები აქვთ დაზეპირებული. უბრალოდ, ხალხზე აქვთ ცუდი წარმოდგენა და ფიქრობენ: “თუ ვილაპარაკებთ, რომ ქართული ხელისუფლება არ არის, სინამდვილეში, რუსულია, ამას ხალხი დაიჯერებს”. ხალხზე აქვთ ძალიან ცუდი წარმოდგენა. სიღრმეში შეხვალ თუ არა, შემკამათებელიც არ არსებობს „ნაცმოძრაობიდან“, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით. არც ერთ თემაში სიღრმეში არ შემოდიან, არიან უკიდურესად დილეტანტები და ვერ მოძებნეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ იქნებოდა კომიკური და ლიდერობას შეძლებდა’’, – განაცხადა მდინარაძემ.