“გამობრძანდეს სერგი კაპანაძე და საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს უთხრას, სად და რატომ აპირებდა ამ ხალხის შეგზავნა-შევარდნას. საქართველოში ნახევრად რომ არ არის და ევროპისა და ამერიკის არც ერთი ქალაქი არ დარჩა, რომ არ იყოს ჩასული, რომლიდან ან ვისგან იღებდა პარლამენტში შესავარდნად მწვანე შუქს?” – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც გედევან ფოფხაძე და სერგი კაპანაძე საუბრობენ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, კითხვები ბევრია, პასუხები კი პირველ რიგში, ალბათ იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა გაწირვის ხარჯზე აპირებდნენ „რევოლუციურ გამარჯვებას”.

„დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ კანონი გაწვეულია, სიმშვიდე ისადგურებს. სავარაუდოდ, მხარეები 12- პუნქტიან გეგმას მიუსხდებიან და ევროკავშირის კანდიდატობის მნიშვნელოვანი გზისთვის მოემზადებიან. ყოველ შემთხვევაში, ეს ყველას გვინდა! ამასობაში, ნელ-ნელა ვნებათაღელვაც ცხრება, თუმცა, გარკვეული კითხვები მაინც ჩნდება. აქციაზე, რომლის ძირითად ბირთვს გულმხურვალე ახალგაზრდობა წარმოადგენდა, მაინც ყოფილან ისეთები, რომლებიც არეულობის და რევოლუციისთვის ემზადებოდნენ, მის აღსრულებაში კი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება სურდათ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფს სერგი კაპანაძე, გედეონ ფოფხაძე და ჩემთვის უცნობი ქალბატონი წარმოადგენენ.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნათლად ისმის, თუ რაზე საუბრობს ეს ჯგუფი – მაგალითად, ქალბატონი ამბობს: “ნიშნავს თუ არა ეგ მწვანეს, რომ შევარდე? ან შენ რომ შევარდები, მერე კი გექნება მხარდაჭერა?” სერგი კაპანაძე: “ახლა რომ შევარდე, ამათ რო დედა მოუ**ნა, არავინ არ დაგძრახავს და ასე შემდეგ. სრული ტექსტის მოსმენა ვიდეოშია შესაძლებელი.

ახლა, პირველი: ვინმემ არ მითხრას, მწვრთნელი არ უშვებდა და სტადიონზე აპირებდნენ ფეხბურთის სათამაშოდ შევარდნას, ან ეს ვიდეო “ფეიკიაო”. გასაგებია, რომ ძალადობრივად პარლამენტში შევარდნაზეა საუბარი, რომელსაც სამართალდამცველები იცავენ და, ამ შევარდნის შედეგად, რა მსხვერპლი იქნებოდა ორივე მხრიდან, კაცმა არ იცის!

თუ იმას გავიხსენებთ, [სერგი კაპანაძე] რუსების სასარგებლოდ როგორ ამბობდა – ჩვენ კასეტური ჭურვებით ვბომბავდით ცხინვალსო, იქნებ, ამ შემთხვევაშიც რუსების ორმაგ აგენტებთან ჰქონდა მწვანე შუქზე შეთანხმება? რაღა შორს წავიდეთ და არ თქვა სააკაშვილმა – ჩემი საქართველოში შემოყვანაში რუსეთის აგენტების ხელი ურევიაო? მოკლედ, კითხვები ბევრია, პასუხები კი პირველ რიგში, ალბათ, იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა გაწირვის ხარჯზე აპირებდნენ „რევოლუციურ გამარჯვებას!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

გაზიარება