პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე სიტუაცია ღამის 4 საათზე განიმუხტა. სპეცტექნიკამ და სპეცრაზმმა რუსთაველის გამიზრი დატოვა, გაიხსნა გზის სავალი ნაწილი და ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ. ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა.
პარლამენტის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერას ოპოზიციის მხრიდან პროცესების რადიკალიზაცია მოყვა. პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილებმა შენობაში შეჭრა რამდენჯერმე სცადეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის სპეცრაზმი და სპეც ტექნიკა. ვითარების განსამუხტად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, თუმცა გვიან ღამით ახალგაზრდების ჯგუფმა ისევ სცადა პარლამენტში შეჭრა.
დაახლოებით ღამის 2 საათიდან რუსთაველის გამზირზე ისევ სპეც დანიშნულების რაზმი განთავსდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლს გამოიყენებდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ. სამართალდამცველების მისამართით დაფიქსირდა მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ფაქტიც. არსებული ინფორმაციით, თვითნაკეთი აალებადი საშუალება აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის ქუჩაზე, ასევე უშუალოდ პარლამენტის შესასვლელთან გამოიყენეს, რასაც შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ხანძარი მოყვა.
მოლოტოვის კოქტეილის გარდა, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ ქვებსა და სხვადასხვა საგნებს. მათ დააზიანეს პოლიციის კუთვნილი რამდენიმე ავტომობილი, ჩაამსხვრიეს მინები მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე. ასევე პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებული შემაკავებელი ჯებირები მოანგრიეს და შესასვლელების ბლოკირება სცადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 50-მდე პირი დააკავეს, მათ შორის „გირჩი-მეტი თავისუფების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
