პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩვასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ წარდგენილი ომბუდსმენობის კანდიდატები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.
“იმედი მაქვს, რომ ამ ბჭობის შემდეგ, გამოჩნდება კანდიდატურა, რომლის ირგვლივ ერთიანი პოზიცია იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეს უნდა.
რადიკალური ოპოზიციის კანდიდატები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან. სამივე კანდიდატი აღჭურვილია კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით და ამოცანით – როგორმე, საშუალება არ მისცენ და ხელი არ შეუწყონ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას.
წარსული მათი აქტივობიდან და დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, რაც გასაუბრების დროს გამოავლინეს მხოლოდ, ერთი რამ იკითხება, შეარჩიეს კანდიდატები, რომელთა გარშემო არ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. არსებობენ, რა საკვირველია, საინტერესო კანდიდატებიც ვისაც ხელეწიფება გარკვეული სამსახური გაუწიოს თავის ქვეყანას. მაგრამ, ფაქტია, რომ არასამთავრობო სექტორში კადრების მომზადება არ არის ჯეროვანი. ამ სფეროს უნდა განეკუთვნებოდეს ადამიანები, რომლებმაც თავისი სფეროები მაღალ დონეზე იციან, სადაც მუშაობენ ეკონომიკას ეხება, სოციალურ საკითხებს, თუ ადამიანის უფლებებს და ამავე დროს, მიუკერძოებლები არიან და სახელმწიფოს ემსახურებიან და არა, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, პოლიტიკურმა სულისკვეთებამ, რაც რადიკალურმა ოპოზიციამ დაამკვიდრა პოლიტიკურ ველზე, საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია”,- განაცხადა ვოლსკიმ.