„საშუალო ევროპულთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, თავისუფლად შეგვიძლია, ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია“, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.
ეკონომისტის თქმით, სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მაღალმა 8.8%-იანმა მაჩვენებელმა აჩვენა, რომ რეალურია, შარშანდელი წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდეს.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა არ არის იდეაფიქსი, მაგრამ სიღარიბის დასაძლევად თუნდაც უახლოეს წლებში ეკონომიკის გაორმაგება მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.
ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაც, სწორედ, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის ზრდაში აისახება და კარგია, რომ დღეს მთავრობის სტრატეგიაც, რაც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერისაკენ და ექსპორტის უფრო მაღალი დივერსიფიკაციისაკენ არის მიმართული, ამ ამოცანის რეალიზაციას ემსახურება.
აქვე შევნიშნავ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავისახოთ, მივაღწიოთ მოსახლეობის ერთ სულზე ეროვნული შემოსავლის მატების ისეთ მაჩვენებელსაც, რომელიც მეტი იქნება არათუ რეგიონის, არამედ თვით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, რაც საშუალებას მოგვცემს, მომავალ წლებში საშუალო ევროპულ დონეზე გავიდეთ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე პირველად გადააჭარბებს 10,000 $ ნიშნულს და, სულ, მცირე 10,540 $ იქნება, ხოლო იმავე ტემპით, 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15,000 $-ს მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.
მნიშვნელოვანია, თუ როგორია ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ და შევედაროთ ევროპის ქვეყნებს, ასევე – მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. ამ ორი მაჩვენებლით დღეს ევროპის ქვეყნებს ნამდვილად ჩამოვრჩებით, მაგრამ, თუ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნდება მომავალ წლებში – 2030 წლამდე პერიოდში, თავისუფლად შეგვიძლია გავიდეთ არათუ სსფ-ის საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც კონსერვატიული პროგნოზია, არამედ ისეთ მაჩვენებელზე კი, როგორიც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილშია – დაახლოებით 12 500 დოლარი მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
ბუნებრივია, არც ევროპული ქვეყნები გაჩერდებიან ერთ ადგილზე, მაგრამ საშუალო ევროპულთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის უფრო მაღალი ზრდის ტემპით, თავისუფლად შეგვიძლია, ჩვენ მივიდეთ იგივე დონეზე, რაც დღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია.
შედარებისათვის: თუ 2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 4200 აშშ დოლარს შეადგენდა, 2022 წლის ბოლოს იგი გაიზრდება 6770 აშშ დოლარამდე, რაც აქამდე არსებულ ყველა საშუალო და გრძელვადიან პროგნოზებზე გაცილებით მაღალია“, – წერს ცუცქირიძე.