საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ევროსაბჭოს რეზოლუციასთან დაკავშირებით: „ამ რეზოლუციაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და უკრაინის რადას დეპუტათა ჯგუფმა, ევროპის სახალო პარტიის მხარდაჭერით, ზუსტად ბოლო წუთს შეაპარეს შესწორება, სადაც “მსჯავრდებული“ სააკაშვილი არის მოხსენიებული.
ინიციატორებმა ისარგებლეს დეპუტატთა უდიდესი უმრავლესობის არყოფნით და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებით, 56 ხმით დაუჭირეს მხარი ამ აბსურდული დამატების შეტანას რეზოლუციის ტექსტში.
აღნიშნული შესწორება აბსურდულია იმიტომ, რომ როგორც სრულიად საქართველომ, ისე მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ სააკაშვილი სასამართლოს მიერ დამნაშავედაა ცნობილი არაერთ საქმეში.
მიმდინარე წლის აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული რაიმე სააკაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთასა თუ მის ე.წ. პოლიტიკურ პატიმრობაზე.
12 გამომსვლელიდან, ვინც ამ რეზოლუციაზე ისაუბრა, თავის გამოსვლაში მხოლოდ ერთმა ახსენა სააკაშვილი და ის ერთი ხატია დეკანოიძე გახლდათ.
დამატების შინაარსი კონტექსტუალურადაც კი არ არის ახლოს რეზოლუციის შინაარსთან და სულისკვეთებასთან“.