„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას მოუწოდა, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დატოვოს ოპოზიციის შეურაცხმყოფელი გამოსვლები, რომლის მიზანი შეიძლება რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება იყოს, რომელიც ევრორეკომენდაციების შესრულებასთან პირდაპირაა დაკავშირებული.

„ვხედავთ, რომ დიდი ალბათობით და გარანტიით, გაგრძელდება შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამოსვლები. შეიძლება ამას ჰქონდეს კონკრეტული მიზანი; ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს რამდენიმე იმ საკითხის ჩაგდება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ევრორეკომენდაციების შესრულებასთან, – მაგალითად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების თემაზე მომზადებული დადგენილება, ომბუდსმენის არჩევის საკითხი.

ყველას მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად რეაგირების გარეშე დავტოვოთ მათი თუნდაც შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული გამოსვლები. ასეთი მრავლად იქნება ამ ერთი საათის განმავლობაში. თუ რამეზე რეაგირება იქნება საჭირო, ბოლოს მივცეთ რეაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება