“გვქონდა შეხვედრა პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებთან. გვაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა პორტუგალიის პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენთვის საინტერესოა მათი დახმარება და გამოცდილება და მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც მათგან ვგრძნობთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელიც, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.
პარლამენტის სპიკერის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.
„გარდა ევროპული ინტეგრაციისა, პორტუგალია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია არაღიარების პოლიტიკაში პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან ურთიერთობაში. ჩვენ გვექნება ინფორმაციის ინტენსიური გაცვლა – იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც არის პორტუგალიისგან, დარჩეს ასეთად და მათი დახმარებით მივაღწიოთ იმ პროგრესს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.