ბიძინა ივანიშვილის სამართლებვრივი მრჩევლები შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
როგორც ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლები განმარტავენ, დავასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბოლო პერიოდის განმავლოაბაში საზოგადოებისთვის ინფორმაციის თავშეკავების მიზეზი „კრედიტ სუისის“ მხირდან მოლაპარაკებების მცდელობა იყო.
„საკითხზე უკანასკნელი ინფორმაციის გაჟღერებიდან, დაახლოებით, 3 თვე მიილია. აქ საზოგადოებას უნდა განვუმარტოთ, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან ჩვენი თავშეკავების მიზეზი „კრედიტ სუისის” მხრიდან მოლაპარაკების (ან, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მოლაპარაკების იმიტაციის) მცდელობა იყო. ამ პროცესის ფარგლებში, ჩვენ ღირსეულად მიგვაჩნდა, რომ შესაძლო მოლაპარაკების პარალელურად, მოწინააღმდეგე მხარისა და მისი მოქმედებების შესახებ ნეგატიური ცნობებისგან თავის შეკავება გვმართებდა. სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ უკანასკნელი პერიოდი საზოგადოებისთვის მიმდინარე ინფორმაცია არ მიგვიწოდებინა.
თუმცა, ახლა ჩვენთვის ცხადია, რომ ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მოლაპარაკების ილუზიის შექმნა, სინამდვილეში, პოლიტიკური ზეწოლის მიზანს ემსახურებოდა და არა რაიმე სხვას, თუნდაც, ბანკისთვის რაიმე სარგებლის მიღებას. ამიტომ, ჩვენ გვიწევს, ისევ დავუბრუნდეთ საჯარო საინფორმაციო სივრცეს და, მათ შორის, საზოგადოების წინაშე გამოვიტანოთ ის საკითხებიც, რომლებიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაანონსეთ პრესკონფერენციების სახით. ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება როგორც საქართველოში, ასევე, გვექნება მისი დასავლურ მედიაში გატანის მცდელობაც. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მედიაში საკითხის გატანა შესაძლებელი იქნება, თუკი ამ მცდელობამ ისეთივე ბედი არ გაიზიარა, როგორიც წინა შემთხვევებში.
შეგახსენებთ, წარსულში, საერთაშორისო და შვეიცარიულ მედიას უპრობლემოდ გაჰქონდა ინფორმაცია ბანკის დარღვევებთან, ასევე, შვეიცარიული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ხარვეზებთან დაკავშირებით. თუმცა, როდესაც საქმე მიდგა ჩვენს განცხადებებზე, რომ „კრედიტ სუისის” მენეჯმენტი განზრახ მოქმედებდა ბანკის იმიჯის, ისევე, როგორც შვეიცარიის სახელმწიფოს რეპუტაციის დასაზიანებლად და ჩართული იყო პოლიტიკურ ზეწოლაში, ჩვენთვის მედია სივრცე დაუყოვნებლივ დაიხურა. თუკი ინფორმაციის ამგვარი ბლოკირება გაგრძელდება, ეს ცალკე, დამატებითი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგვცემს“, – წერია განცხადებაში.