“მინდა, ქართულ სახელმწიფოს მივულოცო გამარჯვება, რომელსაც დიდი ხანია, ველოდით”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომზე საქმის გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებით.
„იმის მიუხედავად, რომ გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც „ისკანდერის“ ნაწილებს მალავდა ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებისგან; გვყავდა წინა ხელისუფლება, რომელიც ძალიან ცნობილ რეზოლუციაში ხელს აწერდა და მხარს უჭერდა მოცემულობას, რომ ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის შეტევა იყო საპასუხო, იუსტიციის სამინისტრომ დიდი მცდელობით, დიდი შრომით მოახერხა, რომ ქართულ სახელმწიფოს მოეპოვებინა გამარჯვება და ეს გამარჯვება დღევანდელი დღით დაგვირგვინებულიყო.
მაშინ, როდესაც ჰააგის პროკურორმა დახურა გამოძიება და ეჭვმიტანილები არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაგანაც არც ერთი არ წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს, მხოლოდ მათი დადანაშაულება ნიშნავს იმას, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეს ბრძოლა, ეს დიდი ომი საერთაშორისო სასამართლოში მოიგო და ეს არის მისალოცი ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.