“სამწუხაროდ, ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობდით აქტიურად უვიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი. მაშინაც, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, – რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან – ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ ნახა, როგორ მოიქცა ოპოზიცია ივნისში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.

“ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება. ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით. ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ მოკლე დროში. დანარჩენი არის ოპოზიციის გასაკეთებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება