„მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ – ომი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის ომი და ჩვენი წარმომადგენლობა მისიებში: კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში; და ჩვენ ასეულობით ღირსეული პატრიოტი დავკარგეთ ამ ომებში. ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ ომებს და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე.

მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას ჩემ მიერ ჩამოთვლილ მისიებში.

ერთ დროს, ავღანეთში ჩვენ ვიყავით – როგორც არა NATO-ს წევრი ქვეყანა – ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტინგენტი ავღანეთში.

იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი. ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველ დღე უნდა ვუთხრათ (და გითხრათ თქვენ) მადლობა.

ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ  ჩვენი ახალგაზრდა თაობები. გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება