„განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟისა და სერიოზული ფინანსური სირთულეების შექმნის ფონზეც აგრძელებს“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, სწორედ ასეთ ადამიანს – ქველმოქმედს, მეცენატს, ადამიანს, რომელმაც კარგად იცის საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და ბუნების ფასი და უბრალოდ, უყვარს ეს ქვეყანა, საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ოლიგარქად მოიხსენიებენ.
„ამის მიზეზი არის არა ის, რომ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, მეცენატობას და ქვეყნის სიყვარულს ვერ ხედავენ, არამედ, პირიქით, ისინი ბიძინა ივანიშვილს სწორედ ქველმოქმედებას, მეცენატობას და საკუთარი ქვეყნის, მისი ისტორიისა და ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ.
სინამდვილეში, საქართველოს არაკეთილმოსურნეების ლექსიკონის მიხედვით, ოლიგარქი არის პატრიოტის, ხოლო პოლიტიკაზე ჭარბი გავლენა – საკუთარი ქვეყნის ჭარბი სიყვარულის სინონიმი.
საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების ქართველი პარტნიორები არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ ბიძინა ივანიშვილის საპირისპირო დამოკიდებულებას გამოხატავენ.
ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებიც ხშირად ღიადაც ებრძვიან საკუთარი ქვეყნის ისტორიას და მის მომავალს. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც, საკუთარი ქვეყნის სიყვარულის ნაცვლად, უცხო ქვეყნის „სიყვარული“ ამოძრავებთ“, – აღნიშნავს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.