„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში ოლიგარქიული გავლენების ფონზე, ორი კლანური დაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის.

„სინამდვილეში, ეს არის არა არჩევნები, რასაც ვაკვირდებით, არამედ, ეს არის მელიას გადაყენების პროცესი, ანუ არის ოლიგარქიული გავლენები, კეზერაშვილს ჰყავს თავისი ფავორიტები და მათ არ განეკუთვნება მელია, რომელიც ამ შემთხვევაში დაჩაგრეს. მთავარი ფავორიტები მეორე მხარეს არიან, ეს არის მერაბიშვილი, ვინც ძირითადად საქართველოში მართავს პროცესებს ამ მხარეს, მათ განეკუთვნება კირკიტაძე, ხაბეიშვილი და ა.შ. მათ გადაწყვიტეს ხაბეიშვილი საკუთარ კანდიდატად წარმოეყენებინათ. ოლიგარქიული გავლენებია, ორი კლანური დაჯგუფება გამოიკვეთა პარტიის შიგნით და ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ანუ ჭამენ ერთმანეთს, ჩვენ ვერაფერი დაგვიშავეს, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში დანიშნეს, ასე დაასრულეს მათ საკუთარი გმირული საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რაც შეეხება ხაბეიშვილის პერსონას, ეს თავისთავად მეტყველებს თავიდან ბოლომდე იმაზე, რა მდგომარეობაშია, რა კონდიციაშია ეს პოლიტიკური პარტია, არცერთ პარტიას არ ვუსურვებ ასეთ კონდიციას, სადაც „ნაცმოძრაობაა“, თუმცა, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეს არის კომიკური მდგომარეობა. ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია, რა თქმა უნდა, პატარა ბოლშევიკი, დიდ ბოლშევიკებს ვერ მომართავს, მთავარი მიზეზი, თუ რა არის მისი დაყენების უკან, არის ის, რომ ის უნდა იყოს ფორმალური თავმჯდომარე, სინამდვილეში, პროცესები უნდა მართონ – კეზერაშვილმა ქვეყნის გარედან, მერაბიშვილმა ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, არავითარი თავმჯდომარე ხაბეიშვილი არ იქნება, ის იქნება ერთგვარი მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილს სააკაშვილს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე მაინც და მაინც დიდი გავლენა არ აქვს.

“სააკაშვილი სადაც დაინახავს, რომ მეტი ძალაა, ალბათ, იმას დაუჭერს მხარს. მე მგონია, რომ ის საბოლოო ჯამში ღიად გამოაცხადებს, რომ ხაბეიშვილს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება