„ოპოზიციისთვის პრობლემა რაში მდგომარეობს – მათ დაინახეს, რომ სინამდვილეში, ოლიგარქები არიან მათ მხარეს. ერთ-ერთი ცნობილი გახმაურებული შემთხვევაა დავით კეზერაშვილი, რომელმაც ორიოდე კვირის წინ აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა, პირდაპირ აღიარა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი არიან ოლიგარქები, შესაბამისად, ერთადერთი, ვისაც დააზიანებს ამ კანონის მიღება, არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოპოზიციის მხარეს.
„ესენი არიან ნამდვილი ოლიგარქები, რომლებიც ცდილობენ საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა არ მიიღოს ეს კანონი.
ოპოზიციის სურვილია (ამ ეტაპზე რაც იკვეთება), მათ დატოვონ ბუნდოვანება ამ საკითხში, ანუ არსებობდეს მოწოდებები დეოლიგარქიზაციაზე, მაგრამ ვინ არის ოლიგარქი და რა არის დეოლიგარქიზაცია, ეს იყოს ბუნდოვანი. ჩვენ არ გვინდა ამ ბუნდოვანების დატოვება. ჩვენ გვინდა კანონის დონეზე ობიექტურად მოწესრიგდეს, თუ ვინ არის ოლიგარქი, რას უნდა ნიშნავდეს დეოლიგარქიზაცია და ვერ გავყვებით ოპოზიციის დღის წესრიგს ამ კუთხით. მათ უნდათ ბუნდოვანების დატოვება; ჩვენ გვინდა ამაში სიცხადის შეტანა“, – განაცხადა კობახიძემ.