პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო პროექტთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, მასშტაბური აგროკომპლექსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებლად და ბუნებაში გასაშვებად შექმნა, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.

„როგორც ცნობილია, ეს არ არის ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო პროექტი ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის, თუმცა, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ის განსაკუთრებულად კარგად აჩვენებს ამ ადამიანის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ.

ქართველებს არ გვაქვს ნავთობითა და გაზით მდიდარი ქვეყანა. ჩვენი მთავარი სიმდიდრე ჩვენი ისტორია და ბუნებაა. რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ განსაკუთრებით მასშტაბურ ქველმოქმედებას ბიძინა ივანიშვილი, წლების მანძილზე, სწორედ ამ ორი მიმართულებით ახორციელებს.

წინა ხელისუფლების მიერ „ჩარეცხილად“ შერაცხულ ინტელიგენციაზე ზრუნვა, ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სამების ტაძრის მშენებლობა, ქართულ პოლიფონიაზე ზრუნვა და ბიძინა ივანიშვილის სხვა მასშტაბური საქველმოქმედო ინიციატივები სწორედ საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების მოფრთხილებისა და შენარჩუნების პატრიოტულ საქმეს ემსახურება.

გაშენდა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, შეიქმნა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა მასშტაბური სანერგე მეურნეობები, რომლებშიც ასეულობით ქართული და ასეულობით უცხოური ვაზის ჯიში, აგრეთვე ასეულობით სახის ხეხილოვანი კულტურა გაშენდა.

თბილისს გადაეცა იპოდრომის ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დედაქალაქის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გაშენდება. გადაშენების პირას მყოფი ფრინველთა სახეობების გასამრავლებელი აგროკომპლექსიც მორიგი საქველმოქმედო პროექტია, რომელიც უნიკალური ქართული ბუნების შენარჩუნებას ემსახურება“, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება