„სამარცხვინოა ასეთი ჩანაწერები და საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ამ ჩანაწერებს, რაც ხვდება ასეთ რეზოლუციებში. ამ რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, აბსოლუტურად უსამართლოა ის ტექსტი, რომელიც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროპარლამენტებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთ მათგანს სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი გააჩნია.
„გლუკსმანი არის სოციალისტების ჯგუფის წევრი, ეს კაცი იყო სააკაშვილის კორუფციის ერთ-ერთი ბენეფიციარი. დაჰყავდა კუნძულ ბალიზე, ერთად სეირნობდნენ და ა.შ. აქ პარტიულ კუთვნილებას აღარ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მეგობრობაზეა საუბარი. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ყველაფერი. რაღაც მოლოდინები ჰქონდათ ჩვენგან, რომელიც ეტყობა არ გავუმართლეთ. მათ აქვთ სხვადასხვა სახის პოლიტიკური ინტერესი, თორემ ყველამ ყველაფერი იცის. კუბილიუსმა, დამიჯერეთ, ყველა ევროპარლამენტარზე უკეთესად იცის რაც ხდება სინამდვილეში საქართველოში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2004-2012-მდე საქართველოში ჩამოყალიბებული იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, რაც 2012 წელს დემოკრატიული რეჟიმით შეიცვალა.
„სიმართლე არის ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, არცერთი ნაბიჯით საქართველო ჩვენ უკან არ დაგვიხევია. ფაქტებით შეგვიძლია ამის დამტკიცება. არსად არ ყოფილა უკუსვლა. ერთი სფერო არ არსებობს, სადაც ქვეყანამ უკან დაიხია და პირიქით, სადაც არ ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა. ეს არის სიმართლე და ვამტკიცებთ კიდეც. დანარჩენი არის უბრალოდ სამარცხვინო საუბარი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.