„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ეკონომიკური პროცესებიდან და საჯარო ცხოვრებიდან დისტანცირების პირობებშიც კი არის ფაქტორი, რომელიც ხალხს ეიმედება და საქართველოში მშვიდობას, სიმშვიდეს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს“, – აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის „ჭარბი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ გამოხატულია იმით, რომ საქართველოში არის არა ომი, არამედ მშვიდობა, საქართველოში არის არა ეკონომიკის რეცესია, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, საქართველოში არის არა არეულობა, არამედ სიმშვიდე.

„საქართველოს შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ითხოვენ „მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის ჭარბი გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში“. ამ ადამიანებმა სინამდვილეში ძალიან კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილს თუკი რაიმე ჭარბი გავლენა აქვს, ეს არის სწორედ ზემოთ აღწერილი საქველმოქმედო ინიციატივებითა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით განპირობებული საზოგადოების განწყობა მის მიმართ.

საქართველოს არაკეთილმოსურნეებს აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ მათ, უმძიმესი შანტაჟის პირობებშიც კი, ბიძინა ივანიშვილს ომისკენ ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს და ნაცვლად იმისა, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში შემობრუნებას და ქვეყნის განადგურებას დათანხმებოდა, დღეს ქველმოქმედებით, მათ შორის საქართველოს ბუნების გალამაზებითა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით არის დაკავებული“, – აღნიშნავს კობახიძე.

გაზიარება