„წინა წლიდან მოყოლებული, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მას წელსაც შევინარჩუნებთ. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, მომავალ წელს გავზარდოთ ბიუჯეტი და ყველა სფეროს ექნება დანამატი. ეს პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ამას პოზიტიურად აფასებს მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მათ პროგნოზებში ცალსახად ჩანს ის პოზიტივი და ჩვენი გუნდის სწორი ნაბიჯები, რადგან შემდეგი წლების პროგნოზი ცალსახად არის პოზიტიური“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი განხორციელდა.

„საინტერესო შეხვედრები გაიმართა იაპონიაში და იყო შესაძლებლობა, გამართულიყო მოლაპარაკებები ინვესტიციებთან დაკავშირებით წამყვან იაპონურ კომპანიებთან, რომლებიც აფასებენ იმ გარემოს, რომ, მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას. ეს სტიმულია კომპანიებისთვის.

კომპანია “ტეპკომ” უკვე განახორციელა ენერგეტიკის სფეროში პირველი დიდი ინვესტიცია, რაც იქნება კიდევ უფრო მეტი ბიძგის მიმცემი სხვა იაპონური კომპანიებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში საუბარი იყო იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ, რაზეც მომავალში გაგრძელდება აქტიური მუშაობა.

საინტერესო შეხვედრები გაიმართა სამხრეთ კორეაში. ეს ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიებში და ტექნოლოგიური კუთხით მნიშვნელოვანია მათთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ტექნოპარკებისა და ახალგაზრდების გადამზადების მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო თბილისი-სეულს შორის პირდაპირი ავიარეისების საკითხს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კორეის მხარე დაინტერესებულია, საქართველოში გახსნას საელჩო.

ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციების საკითხი, რადგან კორეული მხარე დაინტერესებულია განახლებადი ენერგეტიკის სფეროთი, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია (ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის)“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.

გაზიარება