„ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ნიკა გვარამიას საკითხზე საუბრობენ, აღიარებენ იმას, რომ ნიკა გვარამიას და მის პოლიტიკურ გუნდს ჯერ ჰქონდათ „რუსთავი – 2“ წართმეული და დაყაჩაღებული, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ კანონიერ მფლობელს დაუბრუნა?
აღიარებენ იმას, რომ ის 7 მილიონი, რომელიც უკვე სასამართლოს მიერ კანონიერ მფლობელზე დაბრუნებული „რუსთავი – 2-დან“ გაიტანეს და გაძარცვეს, თუ პირდაპირ უგულვებელყოფენ საქართველოს კანონს, საზოგადოებრივ აზრს და ჯიუტად მოითხოვენ იმას, რაც მათი პოლიტიკური პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონების გათავისუფლებას სჭირდება?“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

„თუ მედია თავისუფლებაა მთავარი საკითხი, ვინც რამდენიმე მედიის დაყაჩაღებაშია მთავარი ფიგურანტი, შესაძლებელია თუ არა, ის მოძალადე მედიაზე ითვლებოდეს მედია თავისუფლების სიმბოლოდ? ეს შეკითხვები უნდა გაუჩნდეთ მათ. და ეს შეკითხვები არსებობს საზოგადოებაში.

ანალოგიურად ეხება ეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. თვლიან ეს ადამიანები, რომ მისი ჩადენილი დანაშაულები დანაშაულია? თვლიან, რომ მისი საქართველოში დივერსიული წესით შემოპარვა ემსახურებოდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანას? – და ამის შემდეგ ილაპარაკონ ჰუმანური მიზნების აღსრულებაზე.

თვლიან თუ არა, რომ კეზერაშვილს აქვს უფლება, რომ გახდეს საქართველოში პარტიების, არასამთავრობოების და მედიის დამფინანსებელი? ადამიანი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული, მათ შორის ქართული ჯარის ძარცვისთვის!

ალბათ, ეს კითხვები ამ ადამიანების კაბინეტებში სიღრმისეულად არ განიხილება და ზედაპირზე მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ეს დაუოკებელი ჟინია, რითიც ისინი არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციის გაღრმავებას ახდენენ, ამიტომ ჯერ ამაზე თქვან პასუხი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„დღეს ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია საქართველოში, რომელსაც ექნება შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან და საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც იქნება განხილვა იმ მიღწევებისა და გამოწვევებისა, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გვაქვს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გაზიარება