საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს:
„ის ფაქტი, ევროპარლამენტს ორი საგანგებო რეზოლუცია მიაღებინეს და ამ საქმეში რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარი გასვარეს, ცხადად მოწმობს, თუ რამხელა რესურსი იხარჯება და რამდენად დიდია ინტერესი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებისა და საქართველოს ომში ჩართვის მიმართ. ევროპარლამენტს აღებინებენ რეზოლუციებს, ზეწოლას ახორციელებენ ხელისუფლებაზე, ცდილობენ სახელმწიფოებრიობის შერყევას – ყველა ეს ფაქტი იძლევა ერთადერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქართველოს უკრაინის ბედისკენ ექაჩებიან და ამ ბედის დღემდე არგაზიარების გამო სჯიან.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყველა ამ გარემოებას სათანადო ყურადღებით მიუდგეს, რათა შეცდომა არ დავუშვათ, სუვერენიტეტი და მშვიდობა შევინარჩუნოთ და საქართველოს ეკონომიკური წინსვლა უზრუნველვყოთ.
გვესმის, რომ ქართული ოპოზიცია არსებითად აგენტურით არის დაკომპლექტებული, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ოპოზიციის არაერთ წარმომადგენელს აგენტობაზე უშუალოდ არა აქვს ხელი მოწერილი. შესაბამისად, მათაც მოვუწოდებთ, კარგად გააცნობიერონ ყველა ის მოვლენა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება და დადგნენ საკუთარი ქვეყნისა და მისი მშვიდობის და არა თავს მოხვეული ომის მხარეს“, -ნათქვამია განცხადებაში.