“ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, ისინი ითხოვდნენ და აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია, საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ რაც დათესეს, იმას იმკიან, ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო სერია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“.

თალაკვაძის თქმით, სინამდვილეში საზოგადოება თვალს ადევნებს კლანებს შორის ბრძოლას “ნაციონალურ მოძრაობაში”.

მისივე თქმით, ეს იყო პარტია, რომელსაც 2012 წლიდან ამოძრავებდა და დღესაც ამოძრავებს ერთადერთი – პოლიტიკური შურისძიება.

„მართალი გითხრათ თვალს ვადევნებდი ეთერს და ღიმილს ვერ ვიკავებდი, წინა რესპოდენტი ამბობდა, რომ პერსპექტიული ახალგაზრდაა ჩვენი მომავალი თავმჯდომარე ხაბეიშვილიო. ეს არის მათი დამცინავი დამოკიდებულება ხაბეიშვილის მიმართ.
ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლო სერია. ბოლო სერიაში ვნახავთ, რომ ის მანდატები, რომელსაც “ნაცმოძრაობა” უპატივცემულოდ ეპყრობა, ის ადგილები, რომელიც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა პარლამენტში და რომელსაც ისინი მუდმივად ცარიელს ტოვებენ, არც ერთ სხდომაში არ მონაწილეობენ, არც ეკონომიკა აინტერესებთ, არც უსაფრთხოება, არც ჯანდაცვა, არც თავდაცვის საკითხები, ამას აუცილებლად მოსთხოვს საკუთარივე ელექტორატი.

დღეს ხედავთ, რომ ბატონი ბარნოვი, ბატონი დოლიძე და ძალიან ბევრი მათი ტრადიციული მხარდამჭერი პრაქტიკულად ამბობს, რომ ეს აღარ არის ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერდნენ და ამ ლიდერებზე – მელიაზეც და ხაბეიშვილზეც ამბობენ, რა გამოვიწერეთ და რა ჩამოგვივიდაო.

ეს არის მარტივად ის უკმაყოფილება, რომელიც ჩანს. ეს არის პირდაპირ სიმპტომატური, რომ პარტია კარგავს იმ ელექტორატსაც, რომელიც ქონდა.
ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, განსაკუთრებით მათ, ვინც ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი წინა არჩევნებში, მათ ექნებათ უკვე კარგი შესაძლებლობა, თუ ისევ ოპოზიციას უნდათ რომ მხარი დაუჭირონ, ჩაანაცვლონ ეს ტოქსიკური ძალა, ანტისაზოგადოებრივი, ანტიევროპული პარტია ახალი ოპოზიციური პარტიებით, რომლებიც აჩვენებენ, რომ მათ უფრო მეტად შეუძლიათ მუშაობა პარლამენტშიც და უფრო მეტად შეუძლიათ თანამშრომლობა ქვეყნის ინტერესების გარშემო“ – აღნიშნა თალაკვაძემ.

გაზიარება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *