იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

გარდა ამისა, 3 იანვრიდან 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებას იუსტიციის სახლის ბრენდის ქვეშ გააგრძელებს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„ცვლილების ფარგლებში, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სერვისები ყველა ლოკაციაზე გათანაბრდა.
კერძოდ, ყოფილ საზოგადოებრივ ცენტრებში იუსტიციის სახლში არსებული ყველა სერვისი დაინერგა და განახლდა ინფრასტრუქტურა.

იმ სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობას, თუ სტუმრებს, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებდა, უკვე აქვს შესაძლებლობა თითქმის გაორმაგებული რაოდენობის სახელმწიფო სერვისები, იუსტიციის სახლის ჩვეული მაღალი სტანდარტით მიიღოს.

2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რიცხვი, საქართველოს მასშტაბით 117 შეადგენს,ხოლო სერვისების რაოდენობა 470-ზე მეტს.
3-6 იანვარს მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.

გამონაკლისს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს – სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, 3 -6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
იუსტიციის სამინისტრო გილოცავთ ახალ წელს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კურატორ მოადგილეებთან ერთად, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს ახალი წლის დადგომა მიულოცა.

გაზიარება