„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის, რომელიც პირველად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. აღნიშნული ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რაც ასევე ეხმიანება საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ დინამიკას; კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თვალნათლივ წარმოაჩენს ბრიტანეთის მზარდ ჩართულობას რეგიონში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

„იანვარში პატივი მქონდა, ორმხრივი ვიზიტით ვწვეოდი ლონდონს და ჩემს კოლეგასთან განგვეხილა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, უკვე თბილისში გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი. დღეს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის სტრატეგიული ხასიათი, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზეა დაფუძნებული.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს როლი ფასდაუდებელია. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო ბრიტანეთის ძალისხმევა საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში.

ჰიბრიდული საფრთხეების ეპოქაში განსაკუთრებით ვაფასებთ ლონდონის მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მედეგობის გაძლიერების მიმართულებით. არ შემიძლია, არ აღვნიშნო სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც აღვიქვამთ, როგორც ინვესტიციას საქართველოს გრძელვადიან განვითარებაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას, რომელიც უკვე რეგულარულ პლატფორმად იქცა. აქცენტი გავაკეთეთ დიალოგის მერვე რაუნდზე, რომელიც იანვარში გაიმართა და უკიდურესად წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული აღმოჩნდა. დიალოგის შედეგებზე საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და არსებული პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენების შესაძლებლობაზე. ხაზი გავუსვით თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ხალხთა შორის ურთიერთობის სფეროში წარმატებული თანამშრომლობის აუცილებლობას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გაზიარება