„ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისგან ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესისა და წინ გადადგმული ნაბიჯების დანახვა, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია“, – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო მზად არის, 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული.
„მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ პოზიტიურია ძვრები სასამართლო რეფორმის მიმართულებით. სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით, – რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ კარგად იცის; კარგად იცის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ამ რთულ გზაზე რასაც ჰქვია ევროპა და ევროინტეგრაცია; რამდენად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს და რამდენი მიღწევაა. ასევე კარგად იცის იმ გულისტკივილის ფასი, როდესაც სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებლად უთხრეს საქართველოს უარი კანდიდატის სტატუსზე.
ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა კალაძემ.