„ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას ყველა პარამეტრით და ამიტომ, მოლდოვის ფონზე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება უსამართლობა იყო. ეს სიმართლეა, თუმცა, მთავარ სიმართლეს საზოგადოებას არც ამ შემთხვევაში ეუბნებიან“, – აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„არის ერთი, გადამწყვეტი პარამეტრი, რითაც მოლდოვა „წინ უსწრებს“ საქართველოს – საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვა არის აგენტოკრატია, რის გამოც მას სრულად ეპატიება დსთ-ს წევრობაც, სამხედრო-პოლიტიკური ნეიტრალიტეტიც, დასავლურ სანქციებზე არმიერთებაც და აღვირახსნილი კორუფციაც. მოლდოვური აგენტოკრატიისგან განსხვავებით, ქართული დემოკრატიის ბამბაც ჩხრიალებს და ამ პირობებში, სუვერენულ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ბუნებრივია, არავინ მიანიჭებდა. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კანდიდატის სტატუსის თემა ჩვენთვის მოიგონეს, რათა უკრაინისა და მოლდოვისთვის სტატუსი მიენიჭებინათ, საქართველოსთვის კი – არა, რაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებისა და აგენტოკრატიის დამყარების მთავარ ინსტრუმენტად იყო მოაზრებული.
ამ ყველაფრის გაგრძელებაა ევროპარლამენტის უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც დემოკრატიული ხელისუფლების დასუსტებასა და აგენტურის გამაგრებას ისახავს ერთადერთ მიზნად. ამ რეზოლუციების მთავარი ავტორები არიან ევროპული აგენტოკრატიის წარმომადგენლები – კუბილიუსი, იუკნევიჩიენე, ფონ კრამონი, ფოტიგა და სხვები, რომლებიც თავიდან ბოლომდე მათი და “ნაცმოძრაობის” საერთო პატრონების კარნახით მოქმედებენ”, – აცხადებს „ხალხის ძალა“.