„კანონპროექტის უკან გამოწვევა სულაც არ არის პრობლემა. ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ცრუ და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე დაანგრიონ ქვეყანა“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას.
„მოკლედ, მარტივად და თვალნათლივ: რა კანონპროექტთან გვქონდა რეალურად საქმე და როგორი მოგონილი „ნარატივით“ აშავებდნენ კლიშეებით, თითქოს რუსულთან ჰქონდა რაიმე კავშირი. აი, მეგობრებო, რისი გულისთვის უკიდებდნენ ცეცხლს სამართალდამცველებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, ვანდალურად აზიანებდნენ ეკლესიებს და ფიზიკურად ძალადობდნენ ყველაზე, ვინც რაციონალურ აზრს აჟღერებდა.
ხოლო ქვეყნისათვის გაცილებით დიდი კატასტროფაა ის მართული, შეცდომაში შეყვანილი ახალგაზრდები, რომლებიც ფარად გამოიყენეს რადიკალებმა და მათი სახელით აპირებდნენ უბედურების დატრიალებას.
P.S. იმედია, ეს ფაქტი, სწორად იქნება გაანალიზებული ჯანსაღი საზოგადოების მხრიდან!“ – წერს ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.