არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება.

“ამერიკის ელჩმა, მორიგი გამაოგნებელი განცხადება გააკეთა. უკვე მერამდენედ ქართველი ერის სახელით დაიწყო საუბარი.

მან რუსეთის მხრიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმება ქვეყნის დეოკუპაციას დაუკავშირა და განაცხადა, ვფიქრობ, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე მეტად ქართველებს რუსეთის მიერ საქართველოდან ჯარების გაყვანა გაუხარდებათო.

ქ-ნო, კელი რა კავშირშია დეოკუპაცია და პირდაპირი ფრენა რუსეთთან?

შეგახსენებთ, რომ პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წელს, გავრილოვისადმი გამოჩენილი პოზიციის საპასუხოდ, აკრძალა. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ინტერესების საზიანო გადაწყვეტილება.

თუ კი დღეს, რუსეთი თვითონვე გვიხსნის მისსავე დაწესებულ სანქციას, ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი სასჯელის მოხსნაზე?

ქ-ნო ელჩო, თქვენი შეხსენების გარეშეც ვიცით, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან არის ოკუპირებული, მაგრამ იმაზე მინიშნება, რომ დეოკუპაციის მიღწევამდე რა დროს ფრენების აღდგენაზე ფიქრია, ან რა დროს ეკონომიკის, კულტურის განვითარებაზე ან საკუთარი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაა, რაღაც ახალია. ერთი შეხედვით, ჯანსაღ ლოგიკას მოკლებულია და არაკეთილმოსურნის უხეშ ჩარევად გამოიყურება.

ელჩის ამ არაკორექტულ, არადიპლიმატიურ და რაც მთავარია, საქართველოს ინტერესების საზიანო რჩევას, მყისიერად გამოეხმაურნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი კოლექტიური ნაციონალები.

ნაცვლად იმისა, რომ, საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნის ელჩის აშკარა ჩარევის გამო უხერხულობა ეგრძნოთ, განაცხადეს, ხომ ხედავთ, საქართველოს ხელისუფლება ისე გათავხედდა, „მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ გაანაწყენა და ელჩის პირით გვეუბნება, თქვენ წითელი ხაზები გადალახეთო.

აშკარაა, რომ ნაცები მართლა საქართველოს დირექტორად ან ცკ-ს მეორე მდივნად აღიქვამენ ჩვენს ქვეყანაში წარმოგზავნილ ამერიკის ელჩს, რითაც ამტკიცებენ, თუ როგორ ესმით „დამოუკიდებლობა და თავისუფლება“.

სინამდვილეში სწორედ ელჩმა გადალახა წითელი ხაზები.
თითი დაგვიქნია და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება უკვე მერამდენედ მოგვთხოვა.

რაც შეეხება პირდაპირ რეისებს რუსეთთან, არც ერთ ხელისუფლებას საქართველოს მხრიდან არასოდეს აუკრძალავს რუსეთში ფრენები, ყოველთვის პირიქით იყო, სავიზო შეზღუდვებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ცალმხრივად რუსებმა დაგვიწესეს. სააკაშვილი დემონსტრაციულად ხვდებოდა საზღვარზე რუსებს კეთილგანწყობის გამოსახატად და მათ ქვეყანაში ეპატიჟებოდა.

გასაგებია, რომ ქვეყნის უმთავრესი მიზანი დეოკუპაციაა. ამ პრობლემის მოგვარებაში ეფექტურ დახმარებას ჩვენ სწორედ სტრატეგიული პარტნიორისგან ველოდით. თუმცა აქამდე მოლოდინი მოლოდინად რჩება.

კელი დეგნანს ურჩევდით უფრო კონკრეტულად გვითხრას, რა გზით წარმოუდგენია საქართველოს დეოკუპაცია და რა დააკლო ხელისუფლებამ ამ მიზნას .

ვინაიდან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები ქ-ნ დეგნანს თითქმის არასოდეს მოსწონს, ლოგიკურად (და მის მიერ დაფიქსირებული განცხადებებიდანაც) გამოდის, რომ ის ამისთვის უკრაინულ გზას გვთავაზობს. ამ გზას კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა. მიუმხრობლობა განაპირობა არა შიშმა, არამედ მწარე გამოცდილებამ, უშედეგოდ გაღებულმა მსხვერპლმა ჩვენი გენოფონდისამ. აღარ გვსურს იგივეს განმეორება!

ხალხის განწყობა კარგად იცის კელი დეგნანმა, ამიტომ არა პირდაპირ, არამედ სხვაზე დაყრდნობით ხშირად აჟღერებს საკუთარი ქვეყნის პოზიციებს, რომელიც არანაირად არ მოდის თანხვედრაში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციებთან. მაგალითად, დასავლეთის გარკვეულ წრეებში „დემოკრატიის შუქურად“ მიჩნეულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ განუცხადებია ელჩს, რომ ხელისუფლება მის რეკომენდაციებს „ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს“.

საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება ასეთი განცხადებების მიზნებსაც და ქვეტექსტებსაც. კერძოდ, აშკარაა, რომ ამერიკის ელჩი სააკაშვილის განთავისუფლების სურვილის პირდაპირ გამჟღავნებას ვერ ბედავს, ადრე ლომჯარიას პირით გვესაუბრებოდა. ელჩი პირდაპირ აცხადებდა, რომ ლომჯარიას მისი (ანუ აშშ-ს) 100%-იან ნდობა აქვს, ის არ ერიდებოდა ისეთ უხერხულობასაც კი, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთ დისკრედიტებულ სახალხო დამცველს უცხადებდა უსიტყვო ნდობას, რომელსაც ქვეყნის შიგნით (და მით უმეტეს, პატიმრებს შორის) თითქმის 0%-იანი ნდობა გააჩნდა. არადა, ხომ ცხადი იყო, თუ რატომ ცდილობდა სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების გამოყენებით „განსაკუთრელბული პატიმრის“ განთავისუფლებისთვის არასამართლიანი გზების მოძებნას.

ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მეგობრები ხედავენ, სააკაშვილი ის ერთადერთი ადამიანია, რომლის გარეშეც ვერ ხერხდება საქართველოში სიტუაციის არევა და აქ მეორე ფრონტის გახსნა.

კელი დეგნანს არასოდეს უცდია სიმართლისთვის თვალებში ჩაეხედა, სააკაშვილისთვის მოეწოდებინა, რომ მას თავი დაენებებინა შეგნებული თვითდაზიანებისათვის. სიმულირებული ავადმყოფობის საბაბით ხელი აეღო განთავისუფლების მიღწევის მცდელობისგან.

სამწუხაროდ, თავისი არადიპლომატიური, უსამართლო განცხადებებით ქ-ნი ელჩი ფაქტობრივად არაპირდაპირ აყენებს ხოლმე სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნას, რაც ღია წინააღმდეგობაშია როგორც სამართალთან ისევე ქართული სახელმწიფოს ინტერესებთან და წარმოადგენს ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას”, – წერს კაკაბაძე “ფეისბუკში”.

გაზიარება