მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის – „GORBI-ის“ მიერ ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებულ კვლევას ეხმაურება.

„საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალის” სახელი მისი შექმნიდან საკმაოდ მოკლე ვადაში პირველად გაჟღერდა “იმედის” მიერ “GORBI-თვის” შეკვეთილ კვლევებში. შეკითხვაზე: “ეთანხმებით თუ არა “ხალხის ძალის” განცხადებებს” – 46%-მა დადებითი, 45%-მა კი უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 9%-მა “არ ვიცი” უპასუხა.

ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ “ხალხის ძალა”, ჯერჯერობით, არაა რეგისტრირებული როგორც პარტიული სუბიექტი, თუმცა მისი “დებიუტი” და “პრემიერა” კვლევების ველზე შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.

“ხალხის ძალამ” ამ კვლევის კიდევ ერთ კომპონენტში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი – გამოკითხულთა 81%-მა საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვას უარით უპასუხა. რესპონდენტთა 65% ვერ ხედავს ვერანაირ პრაქტიკულ შედეგს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაში.

გამოკითხულთა 51% საქართველოსთვის EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას იმ ფონზე, რომ აღნიშნული სტატუსი მოლდოვას და უკრაინას ერგო, უსამართლობად მიიჩნევს. 55% – საქართველოს მთავრობას სრულ ნდობას უცხადებს. მმართველი პარტიის რეიტინგი გაიზარდა 52%-მდე – მაშინ, როდესაც “ნაცმოძრაობის” შემცირდა 4 პუნქტით – 23%-მდე. დანარჩენი პარტიების რეიტინგები მერყეობს 1-დან 3%-მდე“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” .

გაზიარება