,,ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა დაფინანსებები, მათ შორის, საჯარო სექტორში – 10%-ით; ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს – 20%-ით. მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებს, მანდატურებს 125-ლარიანი დანამატი ექნებათ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, ყველა მიმართულებით არის ეკონომიკური ზრდა.
,,ჩვენი რეგიონი არის ცეცხლის ალში გახვეული, პირდაპირი მნიშვნელობით. იცით, რომ ერთი ომი მიდის სომხეთ- აზერბაიჯანს შორის; მეორე – უკრაინა-რუსეთის ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. იყო პანდემია. მიუხედავად ამისა, სწორმა პოლიტიკამ, ღარიბაშვილის და მისი მთავრობის პოლიტიკამ, მთელ გუნდთან ერთად, მოგვცა შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა ეს შემოსულობები და მომავალი წლის ბიუჯეტი პარამეტრების ნაწილშიც გაუმჯობესებულია. მაგალითად, მომავალი წლის ბოლოს 80-მილიარდიანი (ლარში) ეკონომიკა ექნება ჩვენს ქვეყანას. მათ შორის, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2,8-მდე მცირდება, ეს არის იმ ზღვრულ ფარგლებში, რაც ჩვენ გვაქვს მოცემული პარამეტრებით.
მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალი მცირდება ასევე GDP-თან მიმართებით და, რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველა მიმართულებით – სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა პრიორიტეტული მიმართულებით გავზარდოთ დაფინანსება. ეს მოგვცა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ.
ამ ხელმოცარული ოპოზიციის თქმით, რადგან ჩვენ პენსიებს და სოცდახმარებებს ვზრდით; რადგან ბიუჯეტში ვდებთ, რომ საჯარო მოხელეებს გაეზარდოთ ხელფასი, ეს, თურმე, მოსყიდვა და ელექტორატზე მუშაობაა. იფიქრონ ასე. ჩვენ ვიმუშავებთ. ხელმოცარულმა ასე იფიქრონ. არადა, ეს არის პირდაპირი მოვალეობა მთავრობის, რომ შემოსავლები გაზარდოს ბიუჯეტში, ბიზნესის მხარდაჭერით. თითოეული ინიციატივა უნდა უკავშირდებოდეს კიდევ უფრო მეტი დოვლათის შექმნას და, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ტურიზმის მიმართულებით, იანვარ-ოქტომბრის 2019 წლის მონაცემებს უკვე გადააჭარბა ტურიზმიდან შემოსავლებმა, – დაახლოებით დააგენერირა 2 მილიარდ 900 მილიონზე მეტი. ეს არის კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, სახელმწიფო სწორი მიმართულებით ვითარდება და ასე გავაგრძელოთ”, – განაცხადა ზარქუამ.