„ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ასფალტ-ბეტონის საფარი, შენდება ხიდები და ხელოვნური ნაგებობები. წელს დასრულდება გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება.
უწყების ცნობით, ხულო-ზარზმის განახლებული გზა დიდ შესაძლებლობებს გაუჩენს როგორც მაღალმთიან აჭარას, ისე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას. კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება კურორტი გოდერძი და ტურიზმი მაღალმთიან აჭარაში.
ორი რეგიონის დამაკავშირებელი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მოინახულეს.
„47 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც, საერთო ჯამში, ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოცემულ ეტაპზე, პირველ და მეორე მონაკვეთებზე, მთლიანობაში 42 კმ-ზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. ამ მონაკვეთებზე დაგეგმილი სამუშაოების საერთო ღირებულება 95.6 მილიონ ლარს აღემატება.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას ერთმანეთთან უმოკლესი გზით დააკავშირებს. გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და გეოლოგიურ რელიეფზე.
ხულო-ზარზმის გზის პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ქუვეითის ფონდის მხარდაჭერით, ხოლო მეორე და მესამე მონაკვეთებზე – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.