“მაგნიტსკის სია“ ნაცებმა ახალი სატყუარა გამოიგონეს. კიდევ ერთი საკენკი გადაუყარეს საკუთარ  მრევლს,”- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე.
 
 როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ეს ახალი კამპანია სააკაშვილის მრევლისთვის გადაგდებული კიდევ ერთი მორიგი სატყუარაა, რომელსაც, მართალია, განხორციელება არ უწერია, მაგრამ მრევლის მორიგ საკვებად გამოყენებისთვის ნამდვილად გამოდგება.
 
 “ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში!
 ყველას  გახსოვთ, ბოლო 10 წელიწადში ნაციონალები, როგორ კვებავდნენ ცრუ იმედებით საკუთარი მრევლს.
 
ინტენსიური ტყუილები, 2012 წლის 1 ოქტომბერს, არჩევნების წაგებისთანავე აამუშავეს. გამოქვეყნდა თუ არა ეგზიტპოლების შედეგები, გამოხტა ტელევიზორში ნაცების მაშინდელი  პოლიტ-ვარსკვლავი ჩიორა თაქთაქიშვილი და მრევლი გაამხნევა: მართალია, პროპორციული არჩევნები წავაგეთ, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში იმხელა უპირატესობა გვაქვს, ახალ პარლამენტში მყარი უმრავლესობა გვექნებაო.
 
ეს დაპირება მალევე გასკდა საპნის ბუშტივით.
 
10 წლის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ ჩატარებული სხვადასხვა დონის ყველა არჩევნების წინ ნაცები „შემოქმედებითად“ ავითარებდნენ ახალ-ახალ დაპირებებს:
 
ხან ზღვით უნდა გადმოეცურა  ბელადს და რამდენიმე დღეში  მრევლი  გაეხარებინა,
 
ხან ივანიშვილს უკვე დაქოქილი ჰყავდა თვითმფრინავი და საქართველოდან გარბოდა,
 
ხან მომაკვდინებელი სენით იყო დაავადებული ბიძინა,
 
ხან უკრაინაში მყოფი ბელადი  სხვადასხვა ქვეყნებში  მსოფლიო ლიდერების პოლიტიკური მხარდაჭერის აკუმულირებას ახდენდა,
 
ხან ქართველი ემიგრატების ლაშქრით გარშემორტყმული შემოდიოდა საქართველოში,
 
ხან უკანასკნელ შანსს აძლევდა უმადურ ქართველებს, ამუნათებდა,  ქვეყნის არსებობის ბოლო წუთები დადგებოდა, თუ მისი ხელისუფლების რეანიმაციას არ მოახდენდნენ,
 
ხან საპარლამენტო ბოიკოტი ცხადდებოდა მაშველ რგოლად.
 
მოკლედ, ყველა შესაძლო თუ ფანტასმაგორული ტყუილით გამოუტენეს თავები საცოდავ ხალხს.
 
მანამდე იყო დაპირება – „2005 წელს ცხინვალში შევხვდებითო“.
 
ტყუილის პიკად იყო აღქმული,  ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური რეჟიმის „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადება,
 
2008 წლის აგვისტოს წაგებული ომის “მოგებად“ მონათლვა, ამის გამო  რუსთაველზე  ზეიმის და ტაშფანდურის მოწყობა.
 
შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა, სააკაშვილი მასშტაბურმა „სკლეროზმა“ მოიცვა.
 
ვერ “იხსენებს” ციხეებში  პატიმრების მასობრივ წამებებს,
 
ქუჩებში პოლიციისა და სპეცრაზმელების მიერ ახალგაზრდების ჩახოცვის ფაქტებს,
 
ვერც 7 ნოემბერისა  და 26 მაისის მიტინგების დარბევისას დახოცილი ბიჭების
სახურავზე შეგდებას.
 
სასამართლოს პროკურატურის დანამატად ქცევას,
 
ბიზნესმენების მასობრივ დარეკეტებას,
 
ვერ იხსენებს  დაძინებული ხალხის ღამის 2 და 3 საათზე გამოღვიძებებს, ნოტარიუსში მისვლებს და ქონებების გადაფორმებებს ხელისუფლების მიერ მითითებულ პირებზე თუ სახელმწიფოზე.
 
ვერ იხსენებს თუ  რატომ ეღვიძათ  მაგ დროს ნოტარიუსებს,  რატომ იყვნენ  ღამის 2 და 3 საათზე სამუშაო რეჟიმში.
 
ვერ იხსენებს ვინ და როგორ არიცხინებდა პატიმრებს ციხიდან  თანხებს ნაციონალების ანგარიშზე წინა საარჩევნოდ.
 
ასევე ვერ იხსენებს ხალხის რეკეტსა და გაკულაკებას.
 
არადა ხალხს ეს ყველაფერი მწარედ ახსოვს და აგერ უკვე ორი ათეული წელია ვერ ივიწყებს. სწორედ ამ კოშმარული მოგონებების   გამო მუდმივად ხმას აძლევს იმას, ვინც სააკაშვილი და მისი ხროვა ქვეყნის მართვას ჩამოაცილა.
 
„მხსნელი“ ვერ იხსენებს 2021 წლის 1 ოქტომბერს, განუბაჟებლად  საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთისა და შემოპარვის ფაქტს.
 
ამერიკელი ცრუ  ექსპერტების  ყალბ დასკვნებში დაფიქსირებული დემენცია, სააკაშვილს არ აძლევს საშუალებას, გაიხსენოს  კონტეინერშივე როგორ ბერავდა ტყუილების გუდას.
 
მის ტელეფონში აღმოჩნდა მისივე ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის ყვებოდა, როგორ გაიტაცეს რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებმა და თურმე მათი გამოისობით, გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა  კონტეინერში.
 
ვერ იხსენებს ვერც იმას, რომ ეს ტყუილების გუდა მას იმ  შემთხვევისთვის სჭირდებოდა, რომ თუ საზღვარზე  დააკავებდნენ მესაზღვრეები ან მებაჟეები, ამ ჩანაწერს მაშინვე გაავრცელებდნენ მისი ამფსონები უკრაინაში (სადაც უკვე გაგზავნილი ჰქონდა ეს ვიდეოჩანაწერი) და მსოფლიოს შეყრიდნენ, არიქა, დემოკრატიის შუქურა ბოროტმა ძალებმა (საქართველომ, რუსეთმა, ირანმა თუ მანჯურიამ) მოიტაცა და მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს მის დასახსნელადო.
 
სამაგიეროდ ზუსტად იცის რომ ციხის ვერ შეგუება ჭირს ბევრი ცოლი და  დედიკო უნდა  მიშიკოს.
 
ხრიკებსაც ბევრს მიმართა მიშიკომ თავის დასახსნელად.
 
თავიდან ცრუ შიმშილი გამოაცხადა. მრევლი აღელდა უშველეთ, ბელადი სიკვდილის პირას არისო.
 
გავრცელებული კადრებით დადასტურდა, რომ 48 დღე ბელადი კი არ შიმშილობდა არამედ ჯანსაღად იკვებებოდა.  გემრიელად შეექცეოდა ღვიძლის პაშტეტებს, თაფლს და ფაფებს. მრევლმა ახლა  წიოკი იმაზე ატეხა, როგორ გაბედეთ, მისი ნების გარეშე მოშიმშილის ჭამის კადრების გასაჯაროებაო.
 
წივილ-კივილის მეორე სერია, რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მოჰყვა.ბელადი  სასტიკად ცემეს და აწამესო.
 
პენიტენციურმა დეპარტამენტმა საავადმყოფოში მისი შეყვანის კადრები ამჯერადაც გამოაქვეყნა. გაწბილებულმა მრევლმა  „ცემა-წამება“ შეცვალა  ტერმინით – „ათრიესო“, რაშიც გულისხმობდნენ ბადრაგის მითითებაზე დაუმორჩილებლობის გამო 5 თუ 6 თანამშრომლის მიერ პატიმრის ხელში აყვანას და საავადმყოფის პალატაში შეყვანას.
 
როდესაც მის მრევლს კითხვას უსვამ, იქნებ აგვიხსნათ,  პატიმრის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში როგორ უნდა შეიყვანოს ბადრაგმა ის შენობაშიო, გპასუხობენ, სხვა მეთოდებითო, თუმცა, არ იციან, საერთოდ არსებობს თუ არა იმაზე რბილი, ჰუმანური და ცივილიზებული მეთოდი, როგორიც გამოიყენეს იმ დროს სააკაშვილის მიმართ.
 
მერე იყო და, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანილი სააკაშვილის დამცველებმა ხან რა ტყუილი გაავრცელეს და ხან რა.
 
თვითონ ხან ამბობდა, არ მინდა და არც  მაინტერესებს საქართველო, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, გამიშვით ჩემს სამშობლოში, წინა ხაზზე უნდა ვიბრძოლოო.
 
ხან მადლობებს ეუბნებოდა ექიმებს, თავის მრევლს მოუწოდებდა, არავინ გაბედოს ჩემს მოწამვლაზე ხმის ამოღება და ექიმებზე დაბრალებაო, მსგავსი არაფერი მომხდარაო.
 
რადიკალურად იცვლიდა პოზიციებს ხან იძახდა არ მოვწამლურვარო, ხან დიახ, მომწამლესო, მადა აღარ მაქვს და წონაში  კატასტროფულად, ვიკლებო.
 
მრევლმაც არ დააყოვნა და  დაიწყო იმის მტკიცება, რომ სააკაშვილს საავადმყოფოში აწამებენ, სასამართლოზეც არ უშვებენ, დისტანციურადაც არ რთავენ, რომ მისი ნაწამები სხეული ხალხმა არ ნახოსო.
 
სიცრუის გასამყარებლად მის კონტროლს დაქვემდებარებულმა  ტელეარხებმა სააკაშვილის „ნაწამები“ სხეულის ნაწილის (ხელების ფეხების) ფოტო  გამოაქვეყნეს.
 
როდესაც სააკაშვილის კომფორტული პალატისა და აგრესიული ქცევების  ვიდეოჩანაწერებმა დღის სინათლე ნახეს და  საზოგადოებამ იხილა რეალობა.არქიფოს მრევლმა  ისევ იხუვლა-ეს მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევააო.
 
საეჭვო ექსპერტებმა, საეჭვო  საექსპერტო დასკვნა წარმოადგინეს და დაიწყეს იმის მტკიცება, არქიფოს  დემენცია (ანუ ჭკუასუსტობა) სჭირსო.
 
როდესაც მის მრევლს უხსნი,რომ ეს დაავადება არ იკურნება და გარეთ მყოფი სააკაშვილი  ჭკუასუსტობის იარლიკით, პოლიტიკურ მოღვაწეობას ვერ გააგრძელებსო, გპასუხობენ, როგორ გეკადრება, გამოუშვან და ნახონ, თუ ვერ განიკურნება, ეს ჩვეულებრივი ადამიანი კი არ არის, მიშააო.
 
იგივე პასუხი აქვთ შეკითხვაზე, დემენციით დაავადებულს მხოლოდ ათწლეულების წინათ მომხდარი ამბები უნდა ახსოვდეს, ახალ ამბებზე მეხსიერებაში ჩავარდნები უნდა ჰქონდეს, მშობლიურ ენაზეც კი სიტყვები და მათი მნიშვნელობა უნდა ავიწყდებოდეს, მიშა კი ხუთ ენაზე მეტყველებს, წერს, მსოფლიოს მიმართავს და დღევანდელ ამბებსაც სავსებით გასაგებად აფასებსო, ზომბირებული მრევლი გპასუხობს, მიშაა და იმიტომ, ეგ ხომ განსაკუთრებულია და დაავადებაც განსაკუთრებული ფორმის ექნებაო.
 
აი, ასე მოვედით „მაგნიტსკის სიის“ ანალოგად „სააკაშვილის სიის“ შედგენის მოთხოვნამდე.
 
ნებისმიერი ობიექტური ადამიანი ძალიან ადვილად შეადარებს ერთმანეთს რუსეთის ერთ-ერთი ციხის საკანში ავადმყოფობით, უყურადღებობით გარდაცვლილი თუ 2009 წელს შეგნებულად მოკლული ადვოკატის მაგნიტსკის და ქალაქის საავადმყოფოს ოროთახიან კომფორტულ პალატაში მყოფი „ნაწამები“ სააკაშვილის მდგომარეობას.
 
სრულიად ზედმეტად მიმაჩნია ამ თემაზე სერიოზულად საუბარი. უბრალოდ, ეს ახალი კამპანია მისი მრევლისთვის გადაგდებული კიდევ ერთი მორიგი სატყუარაა, რომელსაც, მართალია, განხორციელება არ უწერია, მაგრამ მრევლის მორიგ საკვებად გამოყენებისთვის ნამდვილად გამოდგება.
 
არქიფოდ ქცეული სააკაშვილის მრევლი კი მორჩილად აგრძელებენ „მიწის თხრას“, რადგან დარწმუნებულები არიან, ოდესღაც ორმოში მჯდარი ზებუს მიერ ჩამოკრული  ზარის სანატრელ ხმას მათი ყურები აუცილებლად გაიგონებენ.”- წერს ნანა კაკაბაძე.

გაზიარება