“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტრანსნაციონალური დანაშაულის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხმაურება.
მისივე თქმით, ოპოზიციური ტელეარხების მიერ გაკეთებული სიუჟეტები იყო თავდასხმა თავდაცვისათვის.
„მახსენდება ასობით თუ არა, ათობით სიუჟეტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ გაკეთებული, რომლებიც, თურმე, იყო თავდაცვის მექანიზმი, რათა ტრანსნაციონალური გამოძიება კონკრეტულ კვალზე არ გასულიყო.
დღეს უკვე არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ, გარდა იმ მიზნისა, რომ დაეზიანებინათ ხელისუფლება, ვის არ დააბრალეს, რომელ ცნობილ ადამიანს არ დააბრალეს – ისეთს, რომ შემდეგ „ქართული ოცნებისკენ“ წასულიყო ეს ისრები – იმისათვის, რომ დაეზიანებინათ სახელმწიფო, დაეზიანებინათ მმართველი პარტია, და მეორე – თურმე, თავს იცავდნენ კონკრეტულ კვალზე გასვლისგან, მაგრამ, როგორც ჩანს, დაუფარავი (როგორც სხვა შემთხვევაში) არაფერი რჩება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.