„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და, სამწუხაროდ, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯსა და მის გავრცელებას, მათ შორის – შეკვეთილი სტატიებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„რამდენად სპეკულაციურია ეს მესიჯი, გიპასუხებთ: შარშანაც, საქართველოს ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდი (დღემდე, დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ), ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, სამომავლო პროგნოზს აკეთებს ასევე მაღალს, ანუ დინამიკა უცვლელი იქნება. შესაბამისად, არც შარშან ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და, დარწმუნებული ვარ, არც სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს“, – განაცხადა მდინარაძემ.