„რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთს ჭამენ ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. „ნაცმოძრაობა“ შიგნიდან როგორ იშლება და ჭამენ ერთმანეთს, ამას ვხედავთ. ეს რას ნიშნავს – „ნაცმოძრაობა“ იმიტომ არ ეთანხმება, რომ შეიძლება ვიღაცამ, მაგალითად ვაშაძემ (არ გაუჭირდება) აჯობოს რადიკალიზმში. უფრო ცუდ სიტყვას არ გამოვიყენებ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისივ თქმით, შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს დაზიანების მცდელობის ხარისხში ასევე აჯობონ.

„ამიტომ არ აწყობს „ნაცმოძრაობას“ – იმიტომ, რომ მათზე უარესებიც კი (თვითონ ასე მიაჩნიათ) შეიძლება აღმოჩნდნენ და რადიკალური ფრთის ნიშა უფრო დაიკავონ.

მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი, გარდა „ნაცმოძრაობისა“, ცდილობს, რომ მათი კანდიდატი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შეატყუოს და ახლა ამ ნიშის დაკავებაზე მიდის ბრძოლა.

რეალურად, მათი ნიშა არის ქვეყნისა და სახელმწიფოს დაზიანება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, – როდესაც ჩვენ გავდივართ (გადაჭარბების გარეშე) ბეწვის ხიდზე, ამ დროს სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, არის არა რომელიმე გუნდისთვის და პარტიისთვის (ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდისთვის), არამედ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ამას არ უფრთხილდებიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება