ბიძინა ივანიშვილის სამართლებვრივი მრჩევლები შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ მიმდინარე დავის დეტალებს საზოგადოების სრული ინფორმირებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავენ.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, „კრედიტ სუისთან” ურთიერთობა სამართლებრივი სიბრტყიდან გამოვიდა და წმინდად პოლიტიკური გახდა. ხოლო მარტიდან ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც პირადი თანხების მიღებასთან, ისე ხელოვნების ნიმუშებისა და საფრენი აპარატის მიღებასთან დაკავშირებით.

„მაშინ, მართალია, დიდი ძალისხმევის შედეგად, თუმცა საკითხები სასამართლოს გზით ამოიწურა. ამავე დროს, ეს პრობლემურ საკითხთა ნუსხის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენდა, რადგან ბატონ ივანიშვილს ძირითად აქტივებზე – თანხებზე წვდომა ჰქონდა და აქვს შეზღუდული. ჩვენ ამ მოვლენას არაფორმალური სანქცირება ვუწოდეთ. აქ საუბარი არის არა იმ თანხებზე, რომლებზეც დავა მიმდინარეობს, არამედ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც „კრედიტ სუისში” ქურდობისა და თაღლითობის ფაქტს გადაურჩა. აი, სწორედ ეს გადარჩენილი თანხა კლიენტმა გაიტანა ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო მცირე ნაწილი, დაახლოებით, 5% დარჩა „კრედიტ სუისში” – მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ფორმალური საჭიროება მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული აქტივები იმართებოდა და იმართება ორი ტრასტის მეშვეობით. ეს არის ფინანსური სტრუქტურა, რომელიც ბატონ ივანიშვილს თავად „კრედიტ სუისმა” ურჩია. ერთი ტრასტი მდებარეობს სინგაპურში, ხოლო მეორე ტრასტი ეკუთვნის გერნსის კუნძულების იურისდიქციას (დიდ ბრიტანეთს დაქვემდებარებული ტერიტორია). სწორედ ამ უკანასკნელის მიერ იმართება „კრედიტ სუისს” გადარჩენილი ძირითადი თანხები. ტრასტის შენარჩუნებაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ის არის ბანკთან დავაში მონაწილე სუბიექტი.

არის ის ნიუანსიც, რომ, ბანკის მხრიდან თანხმობის არარსებობის პირობებში, ტრასტების დახურვა საკმაოდ ხანგრძლივ სასამართლო პროცედურას მოითხოვს (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკს არანაირი უფლება და საფუძველი არ ჰქონდა, უარი ეთქვა კლიენტისვე სასარგებლოდ შექმნილი ტრასტის დახურვაზე). შესაბამისად, თანხა კი გადავიდა სხვა ბანკში, მაგრამ აქტივს მაინც ტრასტები მართავენ, რაც ნიშნავს, რომ თანხებზე წვდომა ტრასტების მიღმა შეუძლებელია. ხსენებული ტრასტი „კრედიტ სუისის” ტრასტია და, მიუხედავად „კრედიტ სუისთან” კავშირისა, იგი საკმაო ხნის განმავლობაში ასრულებდა თავის ფუნქციებს კლიენტისთვის დაბრკოლებების შექმნის გარეშე. ეს მოცემულობა გრძელდებოდა სწორედ 2022 წლის მარტამდე, ანუ უკრაინაში ომის დაწყებამდე. 2022 წლის მარტიდან „კრედიტ სუისის” ტრასტმა, რომელიც სამართლებრივი მიზეზების გამო ვერ დაიხურებოდა კლიენტის მიერ, დაიწყო ბატონი ივანიშვილისთვის სერიოზული დაბრკოლებების შექმნა, რაც პრაქტიკაში ჯერ გადახდების ერთთვიან დაგვიანებაში, შემდეგ კი კუთვნილ თანხებზე წვდომის სრულ ბლოკირებაში გამოიხატა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება