დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში „იმედი ლაივი“, “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიაში ოლიგარქიული გავლენების ფონზე, ორი კლანური დაჯგუფება ერთმანეთს ებრძვის.

“ყველა ვხედავთ, რაც ხდება – ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა ომი, სკამებისთვის ბრძოლა. საოცრება ხდება. ჩვენ ამას გარედან ვუყურებთ. უკვე ვერ მალავენ დაპირისპირებას ერთმანეთის მიმართ. იქ ჩანს მერაბიშვილის ინტერესები, ოლიგარქ კეზარაშვილის ინტერესები, რომელსაც სურს, რომ პარტიის ინფრასტრუქტურა, სადავეები და ხელში ჩაიგდოს, პარტიასთან ასოცირებულ ტელევიზიებზე გავლენა მოიპოვოს და კულისებიდან გააგრძელოს მართვა იმ მოპარული ფულით, რომელიც მან “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს შეაგროვა. მათი დღის წესრიგი – რადიკალიზმი, ყოველთვის განწირული იყო მარცხისთვის, ასეა დღეს და ასე იქნება მომავალშიც. მათ არ აქვთ არანაირი შანსი, შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებას წარუდგინონ ქვეყნის განვითარების რამე ხედვა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” იმსახურებს იმ კანდიდატებს, რომლებიც პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძვიან.

“მელია რადიკალიზმით გამოირჩევა, ხაბეიშვილი კი ჩემი ფავორიტია, მე მას მხარს ვუჭერ და გამიხარდება თუ ის გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე. მაგრამ კიდევ უფრო მათთვის მძიმეა ის, რომ მაგალითად ხარ ნიკა მელია, პარტიის თავმჯდომარე და პარტიის თავმჯდომარიდან ხაბეიშვილის მოადგილემ, ნადირაძემ გააგდო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება