გამოცემა „EURACTIV-ი“  ევროპაში არსებული ეკონომიკური უკუსვლისა და არასტაბილური გარემოს ფონზე საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ არსებულ გარემოში, რომელიც ევროპაში დაწყებული ეკონომიკური უკუსვლით, საჯარო ფინანსების მზარდი დეფიციტით, ვალებით და ევრაზიის რეგიონში არსებული არასტაბილურობით ხასიათდება, არსებობს ერთი ქვეყანა – საქართველო, რომელიც ამ ტენდენციის საწინააღმდეგო მიმართულებით ვითარდება.

სტატიის ავტორი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი წერს, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინფორმაციით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველომ უსწრაფეს ეკონომიკურ ზრდას მიაღწია რეგიონის სხვა ქვეყნებთან და ევროპის სახელმწიფოებთან შედარებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2022 წელს 10%-ს  გაუტოლდება.

ამავე დროს, საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქცენტების გაკეთებას ძლიერი მაკროეკონომიკური ბაზისა და ფისკალური დისციპლინის შექმნაზე. 2022 წლისთვის მოსალოდნელია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 3.1% იყოს (ეს კი მნიშვნელოვანი კლებაა 2021 წელს არსებული 6.1%-დან), თან ამით მოხდება ფისკალური წესრიგის სამიზნე ორიენტირთან მიახლოება, რომელიც 2023 წლისთვის მშპ წილობრივად 3%-მდეა პროგნოზირებული.

ავტორი წერს, რომ სახელმწიფო ვალი 2021 წელს 60.1%  იყო, რაც 2022 წელს 49%-მდე შემცირდება და მოსალოდნელია, რომ 2023 წლისთვის კიდევ უფრო დაიკლოს. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობაში ალბათ შურთ კიდეც, როდესაც ამ მაჩვენებლებს ხედავენ. სულადობრივი მშპ 2021 წელს არსებული 5000 აშშ დოლარიდან გაიზარდა და 2022 წელს 6600 აშშ დოლარი შეადგინა.

ეს შთამბეჭდავი მაჩვენებლები იოლად არ მოსულა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია COVID-19 პანდემია, რომელსაც უკრაინაში ომი მოჰყვა. ეს მაჩვენებლები, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის დაუღალავმა მუშაობამ მოიტანა. აღსანიშნავია ასევე მისი სტრატეგიული მიდგომა და მოქნილობა, რაც გამოიკვეთა რეგიონსა და გლობალურად სწრაფადცვალებადი სიტუაციის პირობებში.

საქართველოს ეკონომიკური სასწაული განპირობებულია ძლიერი საექსპორტო ტვირთბრუნვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რასაც მზარდი ტურიზმი და საერთაშორისო სატრანსპორტო სექტორის შემოსავლები უმყარებს საფუძველს. 2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, რუსეთიდან შემცირებული ექსპორტის მიუხედავად, სასაქონლო ნომენკლატურის ექსპორტი 37%-ით გაიზარდა.

ტურიზმის სექტორში შემოსავლები 156%-ით გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაორმაგდა და 923 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც, 2019 წლის იმავე საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 63%-იან ზრდაზე მეტყველებს.ევროკავშირის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამურ ოდენობაში 43%, ხოლო რუსეთის – უარყოფითი.

ავტორის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საკვანძო სატრანზიტო ქვეყნის როლი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო გადაზიდვებში. შავი ზღვის  დაკავშირებადობის უნარი ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის საჭიროება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სავაჭრო დერეფანში გადაუდებელ ხასიათს იღებს.

2022 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ტვირთბრუნვა 19.4%-ით გაიზარდა  და 17.9 მილიონ ტონას მიაღწია.

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ რამდენიმე ინოვაციური  ინიციატივა განახორციელა შთამბეჭდავი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაში გარდასაქმნელად.

მისი თქმით, „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის დაწყება 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისთვის ახალი ბინებით დაკმაყოფილებას გულისხმობს. მსგავსი პროგრამა პოლიციის თანამშრომლებისთვისაც დაიწყო. საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ინოვაციური ინიციატივის ფარგლებში, იძულებით ადგილნაცვალ 1383 ოჯახზე მეტი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. (საუბარია რუსეთთან 2008 წლის ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ ადამიანებზე). 

ეს გამოცდილება შეიძლება აქტუალური იყოს უკრაინისთვის, როდესაც რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილი იძულებით ადგილნაცვალი პირების ბინებით დაკმაყოფილება გახდება საჭირო.

დაიწყო ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა. იგი მიზნად ისახავს იმ პირთა დასაქმებას, რომლებიც სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებულნი. დამსაქმებლები სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

ეს სოციალური ინიციატივა უკვე თითქმის 50 000 ადამიანს შეეხო. საქართველოს მთავრობის ინტერვენციის წყალობით, ქვეყნის მოსახლეობა გაიაფებული მედიკამენტებითაც სარგებლობს.

საქართველოს მთავრობამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ევროკავშირის მიერ შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რამდენიმე ფლაგმანური პროექტი დაიწყო.

ხსენებული პროექტები გულისხმობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებას შავი ზღვის გავლით; საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ინტეგრაციას ევროკავშირის დიდ ფასეულობათა ჯაჭვში; ციფრული დაკავშირებადობის უნარის გაუმჯობესებას საქართველოს მოქალაქეებისთვის; საბინაო სექტორში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას.

„მწამს, რომ ეს ფაქტები თავად ჰყვება დიდ ამბავს. საქართველო არის თანამედროვე, დინამიკური ქვეყანა და დასავლეთის ძლიერი მოკავშირე ამ ტურბულენტურ ევროაზიურ რეგიონში. მას შესაბამისი მოპყრობა  სჭირდება ევროკავშირის გაფართოების კონტექსტშიც”, – წერს სტატიის ავტორი. მისივე თქმით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის პასუხად 2022 წლის ივნისში ევროპული კომისიის დასკვნაში განსაზღვრულ პუნქტებს.

ოფიციალურმა თბილისმა იცის, რისი გაკეთებაა საჭირო და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვალდებულება გააზრებულად აქვს ნაკისრი გამოწვევების მოგვარებაზე, მათ შორის ყველა იმ საკითხზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლას განაპირობებს.

აღნიშნული ხელშესახები მიღწევები წარმატებულ ეკონომიკურ პოლიტიკას ამყარებს, რაც ევროკავშირში საქართველოს მჭიდრო ინტეგრაციის ძლიერი საფუძველია”, – წერს ავტორი.

გაზიარება