„ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს, მათ შორის, ომის დანაშაული. მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, – ამას მოაწერეს ხელი, მიხვდნენ ახლა, რა შარში არიან და მცდელობა აქვთ, რომ ეს შეატრიალონ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უდიდესი გამარჯვება და კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. მინდა მადლობა ვუთხრა ქალბატონ თეა წულუკიანს – მაშინდელ იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს; ყველა მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში საქართველოს სიმართლე გაგვეტანა და დაგვემტკიცებინა.

მე გეტყვით, რა ხდებოდა 2012 წელს: გახსოვთ ჩამოგდებული თვითმფრინავი, ბომბები თუ ა.შ. მტკიცებულებები გამქრალი იყო. მახსოვს, თეა როგორ განიცდიდა, დარბოდა და ეძებდა, სად იყო. ზოგი დაშლილი იყო, ზოგი – სადღაც გადაგდებული. ეს ყველაფერი მოაგროვა და ერთიანად, ამ მტკიცებულებებით წარდგნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ.
ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება, რომ დიახ, საქართველოს დანაშაული არ ჩაუდენია და კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შემდეგი თაობებისთვის, რომ მშვიდობიანად, ლეგიტიმურად ჩვენი ოსი და აფხაზი დები და ძმები დავიბრუნოთ, ერთმანეთი დავიბრუნოთ.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას, ჩვენს მაგარ გუნდს, განსაკუთრებული მადლობა იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც იომეს, საქართველოს სიმართლე ბოლომდე გაიტანეს და ეს აღიარა როგორც ჰააგას სასამართლომ, ისე სტრასბურგმა“ – აღნიშნა ზარქუამ.

გაზიარება