„ყველას გვახსოვს, თუ რა მთავარ პრობლემაზე ესაუბრებოდა ოპოზიცია ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უკანასკნელი წლების განმავლობაში. წლების მანძილზე ოპოზიციის დიდი ნაწილი დაკავებული იყო იმაზე აპელირებით, თუ როგორ დაწინაურდა საქართველოსთან შედარებით უკრაინა და მოლდოვა და რომ ამის მიზეზი, მათ შორის, იყო ოლიგარქიზაციასთან გამკლავება“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სინამდვილეში, ოპოზიციამ ვერაფერი მოიფიქრა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც სრულიად კეთილსინდისიერად, მათ შორის, ვებერთელა ქველმოქმედებით აქვს მოპოვებული უზარმაზარი რეპუტაცია და არა ოლიგარქობით.
„სწორედ ოპოზიციის ამ მეცადინეობით მოხვდა ე.წ. 12 წინაპირობის ფარგლებში დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტიც და საქართველომ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დაარწმუნოს ევროკომისია ამავე მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სერიოზულობაში.
დეოლიგარქიზაციის თაობაზე უკრაინასაც აქვს რეკომენდაცია და მოლდოვასაც, ერთი სხვაობით – იმ სახელმწიფოს, რომელსაც მიღებული ჰქონდა ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, მათთან მიმართებაში ევროკომისიამ გასცა რჩევა, რომ ემუშავათ ამ კანონის იმპლემენტაციაზე.
აქვე ვიტყვი, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ოპოზიციას იმის საყიჟინოდ, რომ თითქოსდა ოლიგარქია უკრაინაში ან უკრაინულად სხვა რამეს მიშნავს და საქართველოში და ქართულად – სხვა რამეს. აქვე შევხსენებთ მათ, ვისაც შეიძლება ეს არ ახსოვდეს – მაგალითად, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებას უკრაინის კანონთან დაკავშირებით, რომელიც მან გამოთქვა მიმდინარე წლის 17 ივნისს.
ამის შემდეგ საქართველოს ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლების გაკრიტიკებას იმის გამო, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ე.წ. დეოლიგარქიზაციის წინაპირობის შესასრულებლად ევროკომისიის პრეიდენტისგან და ზოგადად, ევროკომისიისგან ცალსახად დადებითად შეფადებული უკრაინული კანონი საქართველომ აიღო სამუშაო ვერსია, მისი ძირითადი პრინციპები, ის მიუსადაგა ქართულ სამართლებრივ სისტემას და შესთავაზა პარლამენტს განსახილველად“, – განაცხადა სარჯველაძემ.