ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში პოლიტიკური ექსპერტის – სკოტ რიტერის ინტერვიუსთან დაკავშირებით წერს, რომელმაც საქართველოში “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტზე ისაუბრა.
“ვინც გუშინ “უცნობის კიდობნის” შემდეგ სკოტ რიტერის მორიგ სკანდალურ გამოსვლას უყურა, სულ ცოტა, ორ კატეგორიად ვიყოფით: არიან ადამიანები, რომელთაც ურყევად სწამთ, რომ სკოტ რიტერი კრემლის პირწავარდნილი პროპაგანდისტია და, ასევე, ისინიც, ვისაც სჯერა, რომ სკოტ რიტერი დასავლეთს სამართლიანად აკრიტიკებს.
“თუ დავუშვებთ, რომ სკოტ რიტერი კრემლის პროპაგანდასტია, ანუ, როგორც ეს დღეს “მოდაშია” – უცხოური გავლენის აგენტიც უდავოდ არის, ვინაიდან იგი ოფიციალურად არ არის ასეთად რეგისტრირებული ამ ყბადაღებული “FARA-ს” აქტის შესაბამისად, ე.ი. კონკრეტულად რუსული, ანდა რომელიმე უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად, მაშ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სიმართლესთან უფრო ახლოს?
ა) “FARA-ს” აქტი არაეფექტიანია და ცუდად მუშაობს, ვინაიდან ისეთი აშკარა აგენტიც კი, როგორიც სკოტ რიტერია, ასეთად რეგისტრირებული ოფიციალურად არ არის;
ბ) სკოტ რიტერი არ არის უცხოური გავლენის აგენტი, ხოლო მისი შეხედულებები და დასავლეთის მკვეთრი კრიტიკა მოვლენებისადმი მის პირად დამოკიდებულებას ასახავს, რაც უცხოეთიდან არ ფინანსდება და სრულად შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის სტანდარტებს;
გ) მნიშვნელობა არა აქვს, არის თუ არა სკოტ რიტერი უცხოური გავლენის აგენტი, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გამოსვლები მკვეთრ პოლარიზაციას უწყობს ხელს, რაც ობიექტურად მიანიშნებს – ასეთი პოლარიზაცია როგორც “აგენტურის”, ისე “კონტრაგენტურის” ინტერესებშია. პოლარიზაციას, მაშასადამე, როგორც აგენტურას, ისე კონტრაგენტურას საერთო ინტერესები აქვთ და ეს ინტერესები მართავს დღევანდელ მსოფლიოს.
მე, პირადად, “ბ” ვარიანტს ვემხრობი და მიმაჩნია, რომ სკოტ რიტერის შეხედულებებში ბევრი რამ სიმართლეა, ოღონდ მისი პოზიცია ზედმეტად რადიკალურია და ამიტომაც რუსულ პროპაგანდად აღიქმება.
ზოგადად კი, ეს უნდა ვთქვათ: სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი უჯერებს ფაქტებსა და ფაქტების მიუხედავად, აღქმების ტყვეობაში მეტი და მეტი ხვდება. ეს საშიშია ცივილიზაციის არსებობისათვის”,- წერს დავით ზარდიაშვილი “ფეისბუკში”.