“თუ 2002-2008 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, მისი ეკონომიკა 16,6 ტრილიონი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში შემდგარი სამი ომის ფონზე, ევროკავშირმა 14-წლიანი ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა და ეს სტაგნაცია და უკუსვლა დღესაც გრძელდება”, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

“ევროკავშირის ეკონომიკურმა სტაგნაციამ მისი წევრი ქვეყნების თითქმის პირდაპირპროპორციული სტაგნაცია გამოიწვია. შედარებისთვის, 2022 წლის ბოლოს, ამერიკის ეკონომიკა 25 ტრილიონზე მეტი იქნება, ანუ ამერიკელებმა ევროპას 2008 წლიდან არა მხოლოდ 2 ტრილიონის ჩამორჩენა გაუქვითეს, არამედ ამას ზემოდან 9 ტრილიონის უპირატესობაც დაუმატეს.

მოსალოდნელია, რომ უკრაინაში ომის გახანგრძლივების ფონზე, ევროკავშირის ეკონომიკა და მრეწველობა არათუ უკუსვლას განაგრძობს, არამედ მან საბოლოო ფუნდამენტური დარტყმა შეიძლება მიიღოს. სამმა ომმა ევროკავშირს თანდათანობით ჩაუჭრა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, მიმდინარე ომის საბოლოო შედეგი კი, ევროპისთვის იაფ რუსულ გაზსა და ნავთობზე წვდომის სრული შეზღუდვა იქნება. შესაბამისად, ევროპა სრულად დარჩება დამოკიდებული ძვირ ამერიკულ გაზსა და ნავთობზე, რაც მის ეკონომიკასა და მრეწველობას უკიდურესად დაასუსტებს და სტრატეგიულ დამოუკიდებლობას სრულად დაუკარგავს.

ყველას გვახსოვს, მაგალითად, ფრანგული და იტალიური კინემატოგრაფი, რომლისგანაც დღეს, პრაქტიკულად, აღარაფერია დარჩენილი და რომელიც მთლიანად ჰოლივუდმა შთანთქა. არსებული ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, საუკუნოვანი გერმანული ინდუსტრიაც და შვეიცარიული საბანკო სისტემაც სწორედ ასეთივე სრული შთანთქმისთვის არის განწირული. ასეთ პირობებში, ევროპა, როგორც სტრატეგიული ეკონომიკური პარტნიორი, სრულად კარგავს იმ მიზიდულობას, რომელიც მას 2008 წლამდე ჰქონდა და რომელსაც ის 2022 წლამდე ჯერ კიდევ ნაწილობრივ ინარჩუნებდა. გაზისა და ნავთობის გაძვირების ფონზე, ევროპული კომპანიები წარმოების ამერიკაში გადასატანად უკვე რიგში დგანან, რის გამოც ევროპული ეკონომიკა უახლოეს 2-3 წელიწადში 25-30 პროცენტითაც კი შეიძლება შემცირდეს”, – წერს ფილოსოფოსი.

გაზიარება