“მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გამუდმებული დისკრედიტაციის და „გაშავების“კამპანია, რომელსაც აფინანსებს და სხვადასხვა პროექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით აქტიურად ახორციელებს აშშ-ის საელჩო“, – ნათქვამია მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის ზურაბ ქადაგიძის მიერ გავრცელებულ წერილში.

თავის წერილში ქადაგიძე, ყოფილ მოსამართლე ინგა თოდრიასთან დაკავშირებითაც საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2010 წლიდან გახდა აშშ-ის საელჩოს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკის განსაზღვრის და რეფორმების მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

„მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ „შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა …. ახლა გამოჩნდება რისი ტრ… გვაქვს“ (ავტორის სტილი სრულად დაცულია, 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქის პოსტი), რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 ივნისის აქციის წინა დღეებში.

ეს არ გეგონოთ ვინმე რიგითი პოლიტ-ანგაჟირებული მოქალაქის ფეისბუქ-პოსტი. მისი ავტორი (ფეისბუქის პროფილის კუთვნილება და პოსტის ავთენტურობა დადგენილია შესაბამისი წესით), რომელიც საჯაროდ გამოხატავს მის განსაკუთრებულად დადებით განწყობას 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მკვეთრ პოლიტიკურ ოპოზიციურ პოზიციას აფიქსირებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, გახლავთ არც ერთი მეტი არც ნაკლები, USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Intitute) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG (Promoting Rule of Law in Georgia) -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის აშშ-ს საელჩოს ხაზით- ინგა თოდრია“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

მისი თქმით, „საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული პოლიტიკური პოსტებისა და პოლიტიკური მოტივაციის პარალელურად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგა თოდრიას ძირითად საქმიანობას (www.ewmi-prolog.org) დეტალურად არის მითითებული) – ამერიკელი ხალხის სახელით (USAID – From the American People) საქართველოში სასამართლო რეფორმების პოლიტიკის შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს“.

„სწორედ ამ რეკომენდაციების დიდი ნუსხა აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტს 2022 წლის აგვისტოში წარუდგინა, თუმცა მათ შორის დაჟინებით ითხოვდა სამი უპრეცედენტო და ძირითადი რეკომენდაცია/ინსტრუქციის შესრულებას, რომელიც ჯერ სასამართლო ხელისუფლების პარალიზებას და შემდგომში კი მისი ფაქტობრივად პირდაპირ ოპოზიციისთვის დაქვემდებარებას გამოიწვევდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და აშშ -ის საელჩოს მხრიდან (სადაც სწორედ ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია ინგა თოდრია, რომლის ფეისბუკ პოსტიდანაც აშკარად ჩანს მისი განზრახვები) იმ კაბალურ, უპრეცედენტო სარეფორმო მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს ნაწილში გავრცელდა „ხალხის ძალის“ განცხადება 2022 წლის 16 აგვისტოს, სადაც ხაზი გაესვა, რომ ასეთი ულტიმატუმები საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუღებელი იყო და თუ რა მიზნები იკვეთებოდა მათ უკან.
დღეს არსებული რეალობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესი იქნება დეტალურად გავიხსენოთ და სიღრმისეულად აღვწეროთ, ქ-ნ ინგა თოდრიას დამსაქმებლის – აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ს მიზნები და საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ძალიან შორს წარსულშიც რომ არ დავბრუნდეთ 1998-2001 წლებში სააკაშვილის პოლიტიკური აღზევების პროცესში, სწორედ ამ უკანასკნელს „USAID-ის“ ჩართულობით სასამართლო სისტემის რეფორმირება ჩააბარეს. ცხადია აშშ-ს უშუალო ჩართულობით და სწორედ სასამართლოში შეტანილი არეულობით, ვითომ გატარებული „პროგრესული რეფორმებით“ და მასზე მოპოვებული გავლენით, შესაბამისად იქ განხორციელებული საკუთარი კადრების დანიშვნებით, იგივე იუსტიციის იმჟამინდელ საბჭოში მიმდინარე პროცესებით დაიწყო მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების შევიწროებისა და წნეხის ქვეშ მოქცევის, შემდეგ კი დასუსტების ინტენსიური პროცესი, რაც საბოლოოდ ხელისუფლების სააკაშვილის მიერ ხელში ჩაგდებით დასრულდა. ანალოგიურად ახლაც იგივე პარალელი იკვეთება: ცდილობენ სასამართლოში არეულობის, შიდა დაპირისპირების და გახლეჩის ელემენტების შემოტანას, სისტემის პარალიზებას, ხოლო გარედან თავს ახვევენ უპრეცედენტო, დესტრუქციული რეფორმების კასკადს, რათა შემდგომ ოპოზიციამ იგივე სქემით გავლენა მოიპოვოს სასამართლო სისტემაზე, რაც საბოლოოდ აშკარაა რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იქნება აქტიურად გამოყენებული“, – წერს ქადაგიძე.

გაზიარება