„პირველ რიგში, მე მინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელად მივუსამძიმრო უკრაინაში ყველა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ეს არის ტრაგედია, დიდი დანაკლისი და ჩვენ, ყველანი, ამას განვიცდით. მე ვთქვი, რომ სახელმწიფოს, რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების ღირსეულად გადმოსასვენებლად, რათა შემდეგ, სამხედრო პატივით, ყველა ეს ადამიანი მიებაროს მიწას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მე მინდა, ვთხოვო ყველას, მათ შორის ყველაზე რადიკალურ, დეგრადირებულ, ამორალურ ოპოზიციას – ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ადამიანის გარდაცვალებას, მით უმეტეს, ომში მყოფი ადამიანის გარდაცვალებას – ამ თემით სპეკულირება არის ყოვლად ამორალური, უზნეობა და ფარისევლობა. მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ. ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ – პრემიერ-მინისტრი.

ჩემი დამოკიდებულება, პატივისცემა და ყურადღება ყველასთვის ცნობილია – როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პოლიციელების, სამხედროების, ასევე ვეტერანების და ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების მიმართ. მეორე – მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იყო გაგებული არასწორად. ჟურნალისტებმა არასწორი ინტერპრეტირება მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, ვუწოდე „ნაცმოძრაობის“ წევრები. ეს დიდი სიცრუეა.

მე ეს არ მითქვამს. უნდა გაიმიჯნოს: არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან.

არიან ადამიანები – ყოფილი სამხედროები, პოლიციელები ან უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი მრწამსით, სულისკვეთებით და იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე არ მითქვამს, რომ ყველანი წაყვანილი არიან „ომის პარტიის“ მიერ. არის რამდენიმე ადამიანი, შეიძლება ათეული, რომლებიც არიან „ომის პარტიის“ მიერ წაყვანილი. ზოგიერთი მათგანი დღესაც პარტიის წევრია – მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი. მისი და „ნაცმოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი იყო. ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებში. მე ასე მესმის, რომ თუ ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებები ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, საერთოდ რა სტილია.

მე რაც ვთქვი, – რომ რამდენიმე ადამიანი „ომის პარტიის“ წევრია, ეს არის ფაქტი.

მინდა, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც დღეს უკრაინაში ომობს, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელობა და მშვიდობიანად დაბრუნება საქართველოში. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება